ანალიტიკამთავარი

ერევანს ჯერ თანხმობა არ განუცხადებია, ან რატომ ჩქარობს ალიევი ნახჭევანის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით

14 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მონაწილეობა მიიღო ჰორადიზ-აღბენდში სარკინიგზო ხაზის საფუძვლის ჩაყრასტან გამართულ ცერემონიალში.  ეს არის სარკინიგზო მაგისტრალის მონაკვეთი, რომელსაც შეუძლია აზერბაიჯანისა და სომხეთის სარკინიგზო ქსელების შეერთება, რაც შემდგომში  უზრუნველყოფს ბაქოს ნახჭევანთან დაკავშირებას.

რკინიგზა აშენდა 1936 წელს მეღრისა და ნახჭევანის გავლით ირანის საზღვართან. 1941 წელს ეს გახდა გლობალური სატრანსპორტო ჯაჭვის ერთი რგოლი. ჯუღას მხარეში საბჭოთა კავშირისა და ირანის სარკინიგზო ქსელები ურთიერთდაკავშირებული იყო.  არცახის პირველი  ომის შედეგად, გზა არა მხოლოდ დაიხურა, არამედ ნაწილობრივ განადგურდა კიდევაც. ხუდაფერინის წყალსაცავის მშენებლობამ გამოიწვია 15 კილომეტრზე მეტი რკინიგზის წყალქვეშ ჩაძირვა. ხუდაფერინიდან სომხეთის საზღვრამდე ლიანდაგები გამოუყენებლობის გამო ჯართად იქცნენ. დღეს რკინიგზა აღმოსავლეთით ჰორადიზამდე აღწევს. იქიდან 100 კილომეტრია სომხეთის  სიუნიქის მხარემდე. ამდენი რელსის დაყენებაა საჭირო რკინიგზის აზერბაიჯანულ მონაკვეთზე.

დეკემბრის ბოლოს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ პროექტი განხორციელდება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთს  თანხმობა არ მიუცია. ასე რომ, აღმოსავლეთში აშენებული სარკინიგზო მაგისტრალი  შეეჯახება სიუნიქის საზღვარს.   ის მოემსახურება მხოლოდ ზანგელანის და ჯაბრაილის მოსახლეობას, თუ, რა თქმა უნდა, თუ ისინი მოისურვებენ სამშობლოში დაბრუნებას. მაგრამ ალიევს ბიუჯეტიდან ათობით მილიონი დოლარი ამისთვის არ გამოუყვია.  გზას სულ სხვა დანიშნულება აქვს. ის მოწოდებულია უზრუნველყოს აზერბაიჯანის კავშირი ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, მოგვიანებით კი თურქეთთან.  ტყუილად არ უწოდებენ  ამ პროექტს ბაქოში უკვე “თურანის დერეფანს”.

ახლა ბაქოს მმართველების ამოცანაა დაარწმუნონ მეზობლები, რომ იდეა სასარგებლოა არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. სწორედ ამას ცდილობდა ალიევი  ჰორადიზ-აღბენდთან სარკინიგზო მაგისტრალის დასაფუძნებელი ცერემონიალისას სიტყვით გამოსვლისას. მისი სიტყვა გარკვეულ მესიჯებს შეიცავდა, რომლებიც მიმართულნი იყვნენ  მოსკოვის, თეირანისა და ერევნისაკენ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პროექტი “განსაკუთრებულ როლს შეასრულებს რეგიონის გრძელვადიან განვითარებაში, სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ომის რისკის ნულამდე შემცირებაში”. მან მოსკოვს პირობა მისცა, რომ ამ გზით ირანისაკენ  ახალ გზას გაჭრის. ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას: ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ სარკინიგზო კავშირი რუსეთსა და სომხეთს შორის შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.

ყველა ეს წინადადება სადავოა. ირანს და რუსეთს განსაკუთრებული იმედი არ უნდა ჰქონდეთ ნახჭევანის ჯულფას მეშვეობით ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივაში, რადგანაც  დასრულების ეტაპზეა  ღაზვინი-რეშტი-ასტარის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანისა და ირანის სარკინიგზო ქსელებს დააკავშირებს კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან და ის  გახდება ჩრდილოეთ-სამხრეთის გლობალური დერეფნის ერთ-ერთი რგოლი.

რელსების დამონტაჟება დაგეგმილია წლის ბოლოს. ეს მარშრუტი უფრო მოსახერხებელი და იაფია ტვირთის გადასაზიდად ირანსა და რუსეთს შორის, ვიდრე ჯუღაზე გამავალი რკინიგზა. ასე რომ, თეირანისა და მოსკოვის ახალი პროექტი არ უნდა იყოს განსაკუთრებით საინტერესო.

რაც შეეხება ერევნის ინტერესს, აქ ყველაფერი ორაზროვანია. ალიევის პროექტი სულაც არ იქნება ჩვენთვის მალამო. დამაჯერებელი არ შეიძლება იყოს ბაქოს ლიდერის მინიშნება, რომ ახალი სატრანსპორტო დერეფნის გამო, სომხეთი გახდება სატრანზიტო ქვეყანა, მისგან გამომდინარე  ყველა გეოპოლიტიკური უპირატესობით. რადგანაც, როგორც უკვე ავღნიშნე,  რეშთითა  და ასტანით  გამავალ გზას უფრო მეტი შანსი აქვს გახდეს სატრანზიტო გზა, ვიდრე ჯულფასა და მეღრის გავლით. გარდა ამისა, ნახჭევანის გზა არ არის ოპტიმალური რუსეთთან კომუნიკაციისთვის.

მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ სომხეთში რუსეთისაკენ პირდაპირი გასასვლელის ახალი, საკმაოდ მკაფიო პერსპექტივა იწყება. თებერვლის დასაწყისში, აფხაზეთის პარლამენტმა ოფიციალურად მიმართა სახელმწიფო სათათბიროს და დაადასტურა მზადყოფნა დაიწყოს არსებითი კონსულტაციები შავი ზღვის სანაპიროზე სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენის პირობების შესახებ. ამჯერად სოხუმის ხელისუფლება მზადაა გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი სატრანსპორტო ბლოკადის გადასალახად. ღირს იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს სომხეთისთვის?

როგორც ჩანს, სოხუმის ხელისუფლების სწორედ ამ ინიციატივამ და  ექსპერტების ფრთხილმა  ოპტიმიზმმა აიძულა ილჰამ ალიევი დაეჩქარებინა ჰორადიზ-აღბენდის  გზის მშენებლობა. პრობლემა აშკარაა: დაუმტკიცოს რუსეთს, რომ სომხეთში ჩასასვლელად არ არის საჭირო ასობით მილიონი დოლარის დახარჯვა აფხაზეთში რელსების აღსადგენად, რადგან აზერბაიჯანი მზადაა უზრუნველყოს ეს კავშირი უფასოდ. ეს ის შემთხვევაა, სადაც მახსენდება  ცნობილი გამონათქვამი ხაფანგში უფასო  ყველის შესახებ. ბაქო აცნობიერებს, რომ თუ მოლაპარაკებებში აფხაზური სექტორის ჩართულობის შესახებ დადებით შედეგებს მიაღწევენ, ნახჭევანის პროექტისადმი სომხეთისა და რუსეთის ინტერესი მკვეთრად შემცირდება, რაც მის პერსპექტივებს ეჭვქვეშ დააყენებს. ყოველივე ამის შედეგად, შეიძლება აზერბაიჯანმა  არა თუ დაკარგოს მისი ნახევრადანკლავიან ავტონომიურ რესპუბლიკამდე მისასვლელი გზა, არამედ ვეღარ შეძლოს  სომხეთზე პირდაპირი გავლენის მექანიზმის მოპოვებაც. “ბარიერის უფლება” ბევრ გეოპოლიტიკურ უპირატესობას გვპირდება, მაგრამ ის რომ აზერბაიჯანი ამას მიიღებს ჯერ კიდევ საეჭვოა.

თუ ამიერკავკასიის რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი მართლაც განიბლოკება, აღმოსავლეთით  ტვირთის გადაზიდვის საჭიროებაც აღარ იარსებებს. შავი ზღვის მარშრუტის მცირე გამტარიანობა  სრულად კომპენსირდება უსაფრთხოებით და პოლიტიკური რისკების არარსებობით. კასპიის მარშრუტი ამ მხრივ კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. მაშინაც კი, თუ პოლიტიკურ გარემოებებს გვერდს ავუვლით (ისინი, დამეთანხმებით, პრიორიტეტულია), აშკარაა, რომ ალიევის  ვერსია უფრო გრძელი და ძვირია.

ერევნიდან რუსეთის საზღვართან მისასვლელად მატარებელმა უნდა გაიაროს გზა იერასხის, ნახჭევანის, მეღრის, ალი-ბაირამლის გავლით და შემდეგ აფშერონით დაღესტანში. საბჭოთა პერიოდში, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა ამ მარშრუტზე სამ დღეში ჩადიოდაა. ახალ პირობებში მოგზაურობა შეიძლება გაგრძელდეს ერთი კვირა. შემადგენლობას მოუწევს გზაზე  ერთდროულად 4 საბაჟო დაბრკოლების გადალახვა. იერასხ-სადარაკი, ორდუბად-აგარაკი, ნრნაძორ-აღბენდი, იალამა-სამური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ილჰამ ალიევი  ჩქარობდა, რაც შეიძლება მალე ჩაედო რკინიგზის საძირკვლის პირველი ქვა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დააჩქარა ჰორადიზ-აღბენდის  გზის მშენებლობა, არაპირდაპირი ზეწოლა მოახდინა  რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე პრემიერების  მოლაპარაკებებზე, რომლებიც განაგრძობენ სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენის პერსპექტივების განხილვას. ამგვარად ბაქო ცდილობს აჩვენოს, რომ ეჭვი არ ეპარება ამ კონსულტაციების შედეგზე. ამავე დროს, სომხეთს ჯერ თანხმობა არ მიუცია, დაარწმუნებენ  თუ არა ალიევის მესიჯები  მჰერ გრიგორიანსა და ალექსეი ოვერჩუკს?

ნახეთ მეტი
Back to top button