ანკარაში ვიზიტის დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა თავის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს და სხვა საკითხებთან ერთად განიხილა კავკასიაში “3 + 3” თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ირანის და რუსეთის მონაწილეობას. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მადლიერია თურქეთის რეგიონში ”გრძელვადიანი” მშვიდობის დამყარებისათვის, მაგრამ რაც შეეხება ამ ფორმატში რუსეთის მონაწილეობის საკითხს, მას მასთან დაკავშირებით ”მკაფიო” პოზიცია გააჩნია.
”ჩვენთვის ფორმატში გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ მონაწილე ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას”, – თქვა ზალკალიანმა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს Civil.ge.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ძნელი წარმოსადგენია მონაწილეობა მიიღოს რაიმე საერთაშორისო ფორმატში რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისათვის, მანამ სანამ ნაბიჯები არ გადაიდგმება განბლოკვის მიმართულებით. ამის ნაცვლად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შესთავაზა, რომ თბილისი გახდეს “უნიკალური პლატფორმა” აზერბაიჯან-სომხეთისთვის, სადაც შესაძლებელი იქნება თანამშრომლობა ისეთი პროექტების ირგვლივ, როგორიცაა ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროები.
თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი პატივს სცემს და ესმის ”საქართველოს ფრთხილად მიდგომა ამ საკითხისადმი”.
„როდესაც არსებობს რთული გარემოებები, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, შეიძლება ძნელი იყოს ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყება (რუსეთთან), მაგრამ ამის გაკეთება უფრო ადვილი იქნება მრავალმხრივი მასშტაბით“, – თქვა მან. მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება, აგრეთვე აზერბაიჯანთან ენერგეტიკული პროექტები, მათ შორის TANAP და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტები.