
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა სრ-ეკ ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ძალაში შესვლას, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოების წევრები. ამის შესახებ ვიგებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ – გვერდიდან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა მიულოცა პარტნიორებს ხელშეკრულების ძალაში შესვლის შესახებ, დადებითად შეაფასა სომხეთისა და ევროკავშირის სამუშაო ჯგუფების ძალისხმევა ამ მნიშვნელოვანი მიღწევის განხორციელებაში.
”ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება მოიცავს ორმხრივი ურთიერთობების ვრცელ დღის წესრიგს, ასევე წარმოადგენს მყარ სამართლებრივ საფუძველს ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ჩარჩოს განმტკიცებისა და გაფართოებისთვის, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სხვადასხვა სფეროში შიდა რეფორმების გაგრძელებას, ჩვენი მოქალაქეების ინტერესში”.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისთვის პრიორიტეტულია ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან საერთო ღირებულებებისა და ურთიერთ მისწრაფებების საფუძველზე ურთიერთობების განმტკიცება და მიზნად ისახავს კარგად განვითარებული და სტაბილური საზოგადოების შექმნას. ”საერთო ღირებულებებზე საუბრისას, ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ, თუ როგორ დაირღვა და შეილახა ეს ღირებულებები არცახის მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შედეგად. აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია მთიანი ყარაბაღის (არცახის) მოსახლეობის წინააღმდეგ 44 დღეს გაგრძელდა და რეგიონში შექმნა ახალი, არასტაბილური ვითარება ყველა შესაძლო უარყოფითი შედეგებით.
ჩვენ ნამდვილად ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ამავე დროს არ შერყეულა ჩვენი გადაწყვეტილება, რომ მხარი დავუჭიროთ მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში აშკარად აღნიშნავს ამ უფლებას, რაც ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აზერბაიჯანის მიერ დაწყებული ომის ძირითადი მიზანი იყო მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის თავისი უფლებების, კერძოდ თვითგამორკვევის უფლების წართმევა”,-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
არა აივაზიანმა ყურადღება გაამახვილა სომხეთისთვის უპირველეს საკითხზე – აზერბაიჯანის მიერ ტყვეობაში მყოფი ტყვეების და მძევალი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და უსაფრთხო დაბრუნებაზე, ამ მხრივ მაღალი შეფასება მიანიჭა ევროკავშირის პოზიციას.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხში როგორც ევროკავშირს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მეტი სათქმელი უნდა ჰქონდეთ, რადგან საქმე ეხება არა მხოლოდ რეგიონალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, არამედ კონკრეტული ადამიანების ცხოვრებას”, – აღნიშნა სრ სს მინისტრმა.