ამდენ ჯანჯღარს ქვეყანა ვეღარ უძლებს! შეთანხმება უნდა შედგეს! – ნინო ლომჯარია

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ხლეისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეთანხმებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
შეთანხმება უნდა შედგეს! ძვირფასო ხელისუფლებავ და ოპოზიციავ, ხალხი გიყურებთ და გელოდებათ! ხალხი, რომელსაც უნდა განვითარება, რეფორმები, სტაბილურობა, მომავლის რწმენის დაბრუნება! ისაუბრეთ და შეთანხმდით! ამდენ ჯანჯღარს, სტაგნაციას და პოლარიზაციას ეს ქვეყანა ვეღარ უძლებს!, – წერს ნინო ლომჯარია.
პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის განახლების მიზნით საქართველოში შარლ მიშელმა ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. ის საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და მისი ვიზიტი დღეს, 14 მარტს უნდა დასრულებულიყო. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე არაერთხელ შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს. დანიელსონის საქართველოში გამოგზავნის გადაწყვეტილება შარლ მიშელმა 8 მარტს მიიღო.
მანამდე კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ. 16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი “ოცნებასა” და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.