ანალიტიკამთავარი

სამხედრო ვარჯიშების აღლუმი. რისთვის ემზადებიან სომხური და აზერბაიჯანული ჯარები?

მხოლოდ ერთი დღის განსხვავებით, დღეს აზერბაიჯანში, ხვალ სომხეთში სამხედრო წვრთნები იწყება. რა რისკებს შეიცავს ის რეგიონის სტაბილურობისთვის? ამ საკითხზე “რადიოლური” ესაუბრა სპეციალისტებს.

რეგიონული საკითხების ექსპერტის, კარენ ჰოვჰანნისიანის თქმით, სამხედრო წვრთნების ეს აღლუმი დამახასიათებელი არ არის ომის შემდგომი ქვეყნებისათვის. როგორც წესი, ისინი მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში არ ატარებენ სამხედრო წვრთნებს და ცდილობენ ომისშემდგომი პერიოდის შედეგების აღმოფხვრას. ექსპერტის აზრით, სამხედრო წვრთნები სომხეთში და აზერბაიჯანში, კუნთების და ძალის ჩვენებაა.

”სომხური მხარე ცდილობს აჩვენოს, რომ ომიდან რამდენიმე თვეში, მარცხის მიუხედავად, მან იმდენად მოახერხა არმიის აღდგენა, რომ ატარებს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომელშიც მონაწილეობს როგორც ცოცხალი ძალა, ასევე ძალზე დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა. მეორეს მხრივ, აზერბაიჯანი ცდილობს აჩვენოს, რომ თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა გრძელდება”, – აღნიშნა კარენ ჰოვჰანნისიანმა.

აზერბაიჯანოლოგის, ტარონ ჰოვჰანნისიანის თქმით, სამხედრო წვრთნები არის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლების ღონისძიებები. მათ აქვთ თანმხლები საინფორმაციო კომპონენტი, ანუ აქვთ საინფორმაციო შეტევის, ზეწოლისა და უკუქმედების მნიშვნელობა. ექსპერტის აზრით, სამხედრო წვრთნების ჩატარებით, სახელმწიფო ემზადება საჭიროების შემთხვევაში მოცემული სამხედრო ტიპისა და იარაღის გამოყენებისთვის.

”ცხადია, რომ ომის წაგების შემდეგ, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა აღადგინონ თავიანთი ბრძოლისუნარიანობა, რადგან საფრთხეები არ გამქრალა, პირიქით, ისინი გაიზარდა. აზერბაიჯანი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას, აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ შესაძლებელია ახალი ესკალაცია ან ახალი აგრესია იყოს  აზერბაიჯანის მხრიდან”, – ამბობს ჰოვჰანნისიანი.

აზერბაიჯანოლოგი ახსენებს, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ სამმხრივი განცხადების შემდეგ არაერთხელ გააკეთა აგრესიული განცხადებები, რომლებიც აჩვენებს, რომ იგი აგრძელებს არმიის მოდერნიზაციის პოლიტიკას, ამიტომ, ჩვენ ხშირად ვიხილავთ ასეთ სამხედრო წვრთნებს. თუ როდის დაიწყება ახალი ომი,  სპეციალისტს არ შეუძლია პასუხის გაცემა, მას არ აქვს საკმარისი ფაქტები, მარჩიელობა კი არ სურს.

”სანამ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და ეს ინტერესთა კონფლიქტი არა მხოლოდ არ გაქრა, არამედ გაიზარდა ომის დასრულების შემდეგ, და კვლავ ვითარდება, ყოველთვის იქნება ომის ალბათობა. ჩვენ ვსაუბრობთ სომხეთს, არცახსა და აზერბაიჯანს შორის ომზე”,- განმარტავს ჰოვჰანნისიანი.

რეგიონული საკითხების ექსპერტის, კარენ ჰოვჰანნისიანის მოსაზრებით, შემდეგი ომი, თუკი ასეთი იქნება, იქნება რეგიონში მოთამაშე სახელმწიფოების ომი. საქმე ეხება რუსეთ-თურქეთის ომს, რომელიც ამ დროისთვის შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ფაქტობრივად, მისი თქმით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები იმდენად დაძაბულია, რომ არ არის გამორიცხული შეტაკებები.

”ომის საშიშროება არსებობს, ის არ განეიტრალდა, მე შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ომის აქტიური ფაზა დასრულებულია და შესაძლებელია შემდეგი ეტაპი დაიწყოს და შემდეგი ეტაპი არ გულისხმობს 27 სექტემბრის მსგავს ომს, მაგრამ, ერთდროულად არ ვარაუდობს ომს მხოლოდ სომხური ან აზერბაიჯანული მხარეების მონაწილეობით”, – ამბობს ექსპერტი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლებები გეგმიურია და არ შეიცავს რისკებს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.

ექსპერტის აზრით, თურქეთის მისწრაფებები მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მისი გავლენის სფეროების გაზრდას და ამ კონტექსტში რუსეთი განიხილავს თურქეთის აგრესიას სომხეთის წინააღმდეგ, როგორც აგრესიას მის წინააღმდეგ. რუსეთი სომხეთს უბრალოდ არ გადასცემს  თურქეთის ან ნატოს გავლენის სფეროს. შესაძლო შეჯახება სწორედ გავლენის სფეროების გასარკვევად იქნება.

ნახეთ მეტი
Back to top button