
სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ უარყო პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სამხედრო სწავლებაში „Defender Europe 2021“.
„Sputnik სომხეთის“ რეპორტიორთან საუბარში, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლეონ აივაზიანმა თქვა, რომ ამ თემაზე ყველა შეტყობინება და სიახლე დეზინფორმაციაა. მან აღნიშნა, რომ მოგვიანებით შესაბამის კომენტარს გააკეთებს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიც.
მანამდე რუსმა სამხედრო ჟურნალისტმა ალექსანდრე ხარჩენკომ დაწერა, რომ ერევანი სავარაუდოდ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ნატოს სამხედრო წვრთნებში „Defender Europe 2021“, რომლის დროსაც დამუშავებული იქნება აშშ-ს ჯარების რუსეთის საზღვრებთან გადაყვანის ინსცენირება. მისი მტკიცება ემყარებოდა სომხეთის დროშის არსებობას სავარაუდო მონაწილეთა სიაში. გარკვეული დროის შემდეგ, ეს „სიახლე“ ბევრმა მედიასაშუალებამ დააფიქსირა, მათ შორის რუსულმაც.