
ქრისტიანული ეკლესიების ეროვნულმა საბჭომ (NCC) მოუწოდა შეერთებულ შტატებს დაუყოვნებლივი დახმარება გაუწიოს არცახის იმ მოსახლეობას, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ აზერბაიჯანისა და თურქეთის მხრივ განხორციელებული ბოლო ომის შემდეგ. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ ნახსენებია საბჭოს მიერ გავრცელებულ შეტყობინებაში.
”ჩვენ შეერთებულ შტატებს მოვუწოდებთ აქტიური მოლაპარაკებები აწარმოონ სომეხი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებსაც აკავებენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი განცხადების დარღვევით. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებს მთელ შეერთებულ შტატებში, აღიარონ მე -20 საუკუნის დასაწყისში განხორციელებული სომეხთა გენოციდი”, – ნათქვამია განცხადებაში.
ქრისტიანული ეკლესიების ეროვნული საბჭო მიესალმა კონგრესის 101 წევრის მიერ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინისადმი გაგზავნილ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ უნდა დაკავდეს 50,000 დევნილი ოჯახის საკვებით, თავშესაფრით და დაცვით.
”ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ ბაიდენს და სახელმწიფო მდივანს, უშუალოდ იმოქმედოს და მოლაპარაკებები აწარმოოს აზერბაიჯანის მხრივ ტყვედ აყვანილი ჯარისკაცებისა და დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობის განთავისუფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ აზერბაიჯანს უნდა გაეთავისუფლებინა ყველა სომეხი სამხედრო ტყვე და მშვიდობიანი მოქალაქე, ქვეყანამ უარი თქვა ამის შესრულებაზე”, – აღნიშნა ქრისტიანული ეკლესიების ეროვნულმა საბჭომ და დასძინა, რომ დაახლოებით 200 სომეხი ტყვეობაში რჩება. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი ტყვედ ჩავარდა საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ.
ქრისტიანული ეკლესიების ეროვნულმა საბჭომ დაგმო ეკლესიების და სხვა რელიგიური ძეგლების განადგურების ფაქტი და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ვალდებულია დაიცვას თავისი კულტურული მემკვიდრეობა.
”რადგანაც სომხების დეპორტაცია და მკვლელობა გრძელდება, ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტს შეასრულოს დანაპირები და 2021 წლის 24 აპრილს ოფიციალურად აღიაროს სომეხთა გენოციდი”, – ნათქვამია განცხადებაში.