მთავარიპოლიტიკა

შსს – მ 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ გარდაიცვალა, შსს-მ გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

გუშინ ახალციხის კლინიკა „იმედში“ ჩატარებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრიდან 30 წუთში სავარაუდოდ ანაფილაქსური შოკი განუვითარდა და კომაში ჩავარდა. ის დაუყოვნებლივ რეანიმაციაში მოათავსეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. პაციენტი დღეს გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდება, რამ გამოიწვია ანაფილაქსიური შოკი.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ახალციხის კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გუშინ ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ჯანდაცვის ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტის წარმომადგენლები ვაქცინაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით მსჯელობდნენ. მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განცხადა, რომ საქართველოში AstraZeneca-თი ვაქცინაცია გაგრძელდება.

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას იკეთებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე 3 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა.

ნახეთ მეტი
Back to top button