
როგორც „lragir.am“-ი წერს, სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაგეგმილია 2 აპრილს მოსკოვში დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში. სომხეთში თურქეთთან ურთიერთობის შესახებ დისკუსიის ფონზე, საინტერესო ხდება სომეხი და რუსი მინისტრების საუბარი. იმის შემდეგ რაც რუსეთის, როგორც მხსნელის მითი გაქარწყლდა სომხეთში გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რისკენ ისწრაფოდა რუსეთი სომხეთთან ურთიერთობებში, განცხადებების მიღმა, კულისებში. სოციალურ ქსელებში ადამიანები სვამენ კითხვებს, თუ რა მზაკვრული განზრახვა აქვს რუსეთს.
გაზეთთან „Аргументы и факты“ ინტერვიუში კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა: ”ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთნდობაზე დამყარებული კავშირი აზერბაიჯანთან, ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით. მათ აქვთ მრავალი ასპექტი, რაც შეიძლება ურთიერთსასარგებლო იყოს. ასევე კარგი ისტორიული ურთიერთობებია სომხეთთან. ჩვენ გვაქვს დიდი რაოდენობით ინტეგრაციული პროცესები, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს სომხეთს. როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკურსაც. რაც შეეხება მომხდარს … ყველას უნდა ახსოვდეს პუტინის პირადი როლი ომის დასრულების საქმეში“.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთი, როგორც სომხეთის უსაფრთხოების გარანტი, საჭიროების შემთხვევაში შეასრულებს თავის ვალდებულებას“, – თქვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა.
ამავე დროს, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ უნდა გაძლიერდეს სომხურ-რუსული სამხედრო დაჯგუფება და გადაიქცეს სომხეთის უსაფრთხოების დაცვის მთავარ ინსტრუმენტად.
მოძრაობა „სამშობლოს ხსნის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვაზგენ მანუკიანი ამბობს, რომ სომხეთში ბევრი ადამიანი იმედგაცრუებული დარჩა, რადგან მათ ეგონათ, რომ რუსეთი ომს მალე შეაჩერებდა. ახლა რუსეთი გვიცავს პრაგმატიზმის საფუძველზე, ეს ჩვეულებრივი რამ არის პოლიტიკაში. ის ფაქტი, რომ ყარაბაღის ზოგიერთი ტერიტორია აზერბაიჯანის მიერ არის ოკუპირებული, რუსეთისთვის არც თუ ისე პოზიტიურია, მაგრამ ამავე დროს, მან შეძლო თავისი ჯარის განთავსება ყარაბაღში. ბოლოს და ბოლოს, თუკი არცახის საკითხი მოგვარდება, იქ არც რუსული ჯარის საჭიროება იქნება”, – თქვა მანუკიანმა.
ბაქოს ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ბაქომ შეიძლება დააყენოს ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან დაკომპლექტების საკითხი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატში, რაც ხელსშეუშლის ყარაბაღში რუსული სამხედრო ბაზის სამუდამო განლაგებას. ამის საპასუხოდ, რუსი ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვს შეუძლია ყარაბაღის სტატუსის საკითხი იგივე ფორმატში წამოაყენოს.