სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეგობრობასა და თანამშრომლობას მეზობელ საქართველოსთან. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან თბილისში შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებს საუკუნეების ისტორია აქვს.
„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განმტკიცება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც ჩვენი ქვეყნების, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის”, – თქვა სარქისიანმა.
მისი თქმით, ქართველ კოლეგასთან ერთად განიხილეს დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი, რაც შეეხება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის და სხვა სფეროებს. სომხეთის პრეზიდენტის თქმით, თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ბიოტექნოლოგიების, კიბერ უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის სფეროებში.
„ჩემს ქართველ კოლეგას წარვუდგინე სომხური მხარის მიდგომები და შეხედულებები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ. მე განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შეუძლებელია რეგიონში ადგილობრივი მშვიდობის დამყარება, სტაბილურობის უზრუნველყოფა არცახის კონფლიქტის სამართლიანი მოგვარების გარეშე“, – აღნიშნა სარქისიანმა.