მთავარიპოლიტიკა

ძალაშია საქართველოს წინადადება, იყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პლატფორმა: ზურაბიშვილი სარქისიანს

საქართველოს შეთავაზება, იყოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პლატფორმა, კვლავ ძალაშია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე  განაცხადა.

„ბედნიერი ვარ, რომ დღეს ორბელიანის სასახლეში შეხვედრის შესაძლებლობა მაქვს. წინა შეხვედრის შემდეგ, ჩვენ ყველანი ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვიყავით, ერთი მხრივ, ეპიდემიის გამო, რამაც ზიანი მიაყენა რეგიონის სამივე ქვეყნის ეკონომიკას, ჩაგვკეტა  მსოფლიოსთან ურთიერთობაში, ადამიანური მსხვერპლი გვქონდა,  მაგრამ ომის სურათი გაცილებით უარესი იყო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვუთანაგრძნო დაღუპულთა ოჯახებს.

ომის დროს, ისევე როგორც ახლა, საქართველო დგას, როგორც მშვიდობის მხარე. ამის დასადასტურებლად შემოგთავაზეთ ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისა და დიალოგებისათვის, მდგომარეობის განსამუხტავად. ეს წინადადება კვლავ ძალაში რჩება“,  – თქვა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტი ზიანს აყენებს მთელ რეგიონს, ამიტომ მშვიდობასა და თანამშრომლობას კავკასიაში  ალტერნატივა არ გააჩნია. ”რეგიონში სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც  ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის რეგიონში და არა მარტო იქ, შექმნილ ვითარებაზე. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია  დეესკალაცია ამ რეგიონისთვის დღეს”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button