
რუსეთის პრემიერ მინისტრი მიხეილ მიშუსტინმა სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გადასცა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კეთილი სურვილები და აღნიშნა, რომ სომხეთთან ძმური ურთიერთობები ძვირფასია რუსეთისთვის და მათ მრავალწლოვანი მოკავშირული და სტრატეგიული ხასიათი აქვთ, იუწყება „რია ნოვოსტი“.
”პირველ რიგში, მსურს ვლადიმერ ვლადიმერის ძის მოკითხვა, თბილი მისალმება და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ”, – თქვა მიშუსტინმა ფაშინიანთან შეხვედრის დროს.
მან აღნიშნა, რომ ერევანთან ძმური ურთიერთობები მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის.
მიშუსტინის თქმით, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ მიღებულმა განცხადებამ დიდი შესაძლებლობები გახსნა ერთობლივი მუშაობისთვის.
”პირველ რიგში, ეს არის ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვა, ახალი ინფრასტრუქტურული მარშრუტების შექმნა. ეს ყველაფერი ქმნის პირობებს ამიერკავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის”, – თქვა მიშუსტინმა.