სომხეთში ახალი რეჟიმი იმოქმედებს: ვაქცინირებული ადამიანები არ გაივლიან PCR ტესტს გასვლის ან ჩამოსვლისას

სომხეთში მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინირებული იქნებიან, არ დასჭირდებათ ტესტი კოვიდზე სომხეთში გასასვლელად ან ჩასასვლელად. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანაჰიტ ავანესიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირას შეიცვლება საკარანტინო გადაწყვეტილება.
”ვაქცინაციები არის ნაბიჯი შეზღუდვებისგან თავის დასაღწევად და ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებისათვის”, – თქვა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უბნის პოლიკლინიკაში.
მათთვის ხელმისაწვდომია AstraZeneca და Sputnik V ვაქცინები, მაგრამ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მიღებული იქნას დიდი რაოდენობით ჩინური ვაქცინები, მიმდინარეობს სხვა ვაქცინებზე მოლაპარაკებებიც.