სომხეთის გენოციდის 106-ე წლისთავთან დაკავშირებით Ermenihaber.am-ი ესაუბრა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორს, საბერძნეთის ქალაქ სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის პონტოლოგიის განყოფილების მკვლევარს თეოდოსიო კირიაკიდისს.
მკვლევარმა ისაუბრა აშს პრეზიდენტის დონეზე სომხეთის გენოციდის აღიარების მნიშვნელობაზე, პონტოს ბერძნების გენოციდის აღიარების პროცესზე. მან წარმოადგინა საკუთარი მოსაზრებები სომხურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივებთან და თურქეთის მიერ გატარებულ აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
– აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 აპრილის გზავნილში აღიარა სომეხთა გენოციდი. თქვენი აზრით, რას მისცემს ბაიდენის განცხადება აღიარების პროცესს პოლიტიკური და იურიდიული თვალსაზრისით?
– აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში წარსულში იყვნენ პრეზიდენტობის კანდიდატები, რომლებიც გვპირდებოდნენ, რომ არჩევის შემთხვევაში, ამ დანაშაულს გენოციდად აღიარებდნენ, მაგრამ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ისინი იყენებდნენ სხვა ფორმულირებებს. ფაქტობრივად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი დანაშაულს გენოციდს უწოდებს. 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა გამოიყენა ტერმინი “გენოციდი”, რაშიც გულისხმობდა ოსმალეთის იმპერიაში სომხური მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას.
არ ვიცი, გამოყენებული იქნება თუ არა პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება იურიდიულ სფეროში, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი პოლიტიკური გამარჯვებაა, მას დიდი მორალური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მე მჯერა, რომ ეს გაადვილებს აღიარების პროცესს, უბიძგებს სხვა ქვეყნებს აღიარებისკენ.
ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი იყენებს ტერმინს „გენოციდი“, უკვე ცხადყოფს, რომ შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილი აქვს ამ საკითხის მოგვარება. თურქეთის იზოლირებამ და აშშ-თურქეთის ურთიერთობებში არსებულმა პრობლემებმა ხელი შეუწყვეს ფაქტორებს, ვფიქრობ, რომ ეს მომენტი ადრე თუ გვიან დადგებოდა, რადგან საკითხი ისტორიულად და პოლიტიკურადაც უკვე მომწიფდა. თურქეთის მორალური და პოლიტიკური დამარცხება უდავოდ საგრძნობია.
– სომხების გენოციდთან ერთად მოხდა ოსმალეთში სხვა ქრისტიანი ერების მასობრივი განადგურება, მათ შორის პონტოს ბერძნების გენოციდი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ უკანასკნელის საერთაშორისო აღიარების დღის წესრიგი არ არსებობს. რატომ?
– ფაქტია, რომ ამ თემაზე საზოგადოებრივ დისკუსიებს, შესაბამისად, გენოციდის საერთაშორისო აღიარების მოთხოვნას, მხოლოდ რამდენიმე წლის ისტორია აქვს. ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს, არის ის, რომ გენოციდის დროს პონტიელებმა დაკარგეს მეცნიერთა უმეტესი ნაწილი და წიგნიერი ხალხი. მათ შეეძლოთ მოეთხროთ გენოციდზე, გადაეცათ ის მომავალი თაობებისათვის. ამასთან, მათი უმეტესობა გასამაღტლებული იქნა „ახალგაზრდა თურქებისა“ და „ქემალისტების“ მიერ. უფრო მეტიც, ლტოლვილების პირველი და მეორე თაობა ისტორიული ფაქტების ანალიზით არ დაკავებულა, გარდა ძალიან მცირე შემთხვევებისა, რადგანაც ისინი იძულებულნი იყვნენ ებრძოლათ არსობისათვის იმ მძიმე პირობებში, რომელიც საბერძნეთმა გაიარა ამ ათწლეულების განმავლობაში.
სანამ პონტოელმა ლტოლვილებმა გენოციდისა და ლტოლვილობის ტრავმები მოიშუშეს ისინი სხვა, არანაკლებ რთულ და მტანჯველ სიტუაციებში აღმოჩნდნენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, გერმანიის ოკუპაციამ, შიმშილობამ, მოგვიანებით კი 1946-1949 წლებში სამოქალაქო ომმა, ფაქტობრივად, დაქსაქსა ბერძნული საზოგადოება. მეორეს მხრივ, ქვეყანამ გააკეთა პოლიტიკური არჩევანი ̶ არ გაეხსნა ძველი იარები. გასული საუკუნის 50-იან წლებში ორი ქვეყნის (საბერძნეთი და თურქეთი) ნატო-ში გაწევრიანებამ, კვიპროსის საკითხმა, შექმნა ხელსაყრელი გარემო დღის წესრიგში წამოეყენებინათ ლტოლვილთა ხსოვნის დღის საკითხი. ცივი ომის პირობებში, პოლიტიკური ინტერესების თვალსაზრისით, ფსონი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებაზე და ბოლოს, საბერძნეთში დიქტატურის დამყარებამ (1967-1974) მეტად უარყოფითი გავლენა მოახდინა გენოციდის შესწავლაზე.
– როდის დაიწყო პონტოელი ბერძნების გენოციდის შესწავლა?
პონტოელ ბერძენთა გენოციდის შესწავლა ფაქტობრივად მხოლოდ 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო, მან ცენტრალური ადგილი დაიჭირა კვლევით და საზოგადოებრივ დებატებში. ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო საზოგადოებრივ წრეებში მეხსიერების გამოყენების დაწყებასთან. უფრო მეტიც, დიქტატურის დაცემამ 1974 წელს საჭიროება წარმოშვა ქვეყნის ყველა მოქალაქის საჯაროდ მოსმენისა. სამოქალაქო საზოგადოებამ დინამიურად დაიწყო განვითარება 1980-იან წლებში. პონტიელების შემთხვევაში, ეს ახალი რეალობა აისახა ასოციაციების ფორმირების ბუმში, რაც შეინიშნებოდა 1980-იანი წლებიდან, განსაკუთრებით 1990-იანი წლებში.
პონტოელ ბერძენთა გენოციდის შესახებ მონათხრობებისა და მოგონებების პუბლიკაციები თანდათან იზრდებოდა. ამ თაობის ადამიანებისა და ორგანიზაციების მობილიზაციის შედეგად, საბერძნეთის პარლამენტმა 1994 წელს მიიღო დადგენილება, რომლითაც 19 მაისი (1919) პონტოს ბერძენთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1998 წელს მსგავსი კანონი მიიღეს მცირე აზიის ბერძნებისთვის და 14 სექტემბერი (1922) გამოცხადდა მცირე აზიის ბერძნების ხსოვნის დღედ. ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ, დიასპორის ბერძნებმა დაიწყეს თავიანთი პოტენციალის მობილიზაცია და ზეწოლა პოლიტიკოსებზე იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ამრიგად, ეს ისტორიული ფაქტი აღიარეს შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიის ზოგიერთმა შტატმა და სხვა ქვეყნებმაც.
– წარმატებას მიაღწიეთ აღიარების პროცესში?
– უნდა აღინიშნოს, რომ პონტოელ ბერძენთა გენოციდის აღიარებამ მნიშვნელოვანი ბიძგი განიცადა 2007 წლის დეკემბერში, მოხდა გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის მიერ მისი აღიარება. უფრო მეტიც, ისტორიული კვლევის გაღრმავებასთან ერთად, როდესაც გაირკვა, რომ ბერძნებიც განიცდიდნენ გენოციდს იმავე ბოროტმოქმედთა მიერ, რომლებმაც სომხეთის გენოციდი ჩაიდინეს, ასევე მოხდა პონტოელ ბერძენთა გენოციდის ამღიარებელი ქვეყნების რიცხვის ზრდაც. პრობლემა ისაა, რომ ბერძნები მოქმედებენ თავიანთი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც არ სურს მეზობელ ქვეყანასთან კონფლიქტი. უფრო მეტიც, პონტოელებს არ შეუქმნიათ სამეცნიერო ან პოლიტიკური ორგანო ამ საკითხის მოსაგვარებლად. ისინი ცდილობენ თავიანთი კულტურული ასოციაციების საშუალებით და სათანადო ცოდნის გარეშე ლობინგი განახორციელონ. ის ფაქტი, რომ ბერძენთა გენოციდი ოსმალეთის იმპერიის სამ სხვადასხვა რეგიონში პონტოში, მცირე აზიასა და აღმოსავლეთ თრაკიაში მოხდა სხვადასხვა დროს, კიდევ უფრო ართულებს საკითხს.
შემთხვევითი არ არის, რომ პონტოელი ბერძნების ისტორიისა და კულტურის შესასწავლად უნივერსიტეტის ერთადერთი კათედრა შეიქმნა არა სახელმწიფო, არამედ კერძო დაფინანსებით. ბოლო ათწლეულში დაარსდა ზოგიერთი ორგანო და ორგანიზაცია, რომელიც შეისწავლის ან ხელს უწყობს პონტოელ ბერძენთა გენოციდის აღიარებას, მაგრამ ეს ასევე კერძო ინიციატივებია შეზღუდული ფინანსური რესურსებით.
– საბერძნეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობაა, ზოგჯერ სამხედრო კონფლიქტის საშიშროებაც არსებობს, კვიპროსის გარშემო ვნებები ჯერ კიდევ არ განელებულა, როგორ ფიქრობთ, პონტოს ბერძენთა გენოციდის საკითხი შეიძლება უფრო ხაზგასმით დადგეს დღის წესრიგში?
– ვფიქრობ, რომ ნებისმიერი გენოციდის შედეგებს უნდა მოჰყვეს ურთიერთგაგება, შერიგება, დანაშაულების აღიარება და მშვიდობიანი გარემოს შექმნა მომავალი თაობებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი, ამის მთავარი წინაპირობაა დანაშაულის აღიარება. ხალხმა უნდა მოითხოვოს მათი გენოციდის აღიარება, მიუხედავად პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა გარემოებისა. ვინაიდან აღიარება ეხმარება ხალხს ტრავმების გადალახვაში, ეს ასევე ხდება მომავალი თაობების მშვიდობიანი მომავლის გარანტიც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თურქეთის ყველა საფრთხის მიუხედავად, საბერძნეთმა უნდა გააძლიეროს ბრძოლა გენოციდის საერთაშორისო აღიარებისთვის. გარდა ამისა, ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საბერძნეთი მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს დღის წესრიგში არ აყენებს, რათა ზედმეტი დაძაბულობა არ შექმნას, მაინც ვერ თრგუნავს თურქეთის უკანონო და აგრესიულ ქმედებებს. პირიქით, გენოციდის მკვლევარებმა კარგად იციან, რომ გენოციდის აუღიარებლობა ქმნის მისი შესაძლო განმეორების საფუძველს.
– ამ საკითხში თანამშრომლობის რა პერსპექტივას ხედავთ სომეხთა გენოციდის აღიარებისათვის მებრძოლ სომხურ ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან ?
– ბოლო წლებში გამოქვეყნებული საარქივო მასალების გამოკვლევის წყალობით, მეცნიერთა ფართო წრემ გააცნობიერა, რომ არსებობდა გენოციდის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ოსმალეთის იმპერიაში ყველა ქრისტიანული ერის განადგურებას. ამიტომ, ისტორიულ ფაქტს თავად მივყავართ ზოგად ლოგიკასთან. ეს არის თანამშრომლობის ლოგიკა ოსმალეთის იმპერიის ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდის საერთაშორისო აღიარების სფეროში. გარდა ამისა, ბერძნები ამ საკითხში უფრო მომწიფდნენ და თანამშრომლობის გამოცდილების მოპოვება დაიწყეს. ვაცნობიერებთ, რომ თანამშრომლობის შემთხვევაში შეგვიძლია მივაღწიოთ უკეთეს შედეგებს. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და სასურველ შედეგებს მოგვცემს საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით.
– როგორ ხედავთ თურქეთის მომავალს? ამჟამინდელმა რეგიონულმა როლმა და აღებულმა სამხედრო-პოლიტიკურიმა კურსმა სად შეიძლება მიიყვანოს თურქეთი?
– თურქეთი, სამწუხაროდ, წავიდა არადემოკრატიული გზით, შეზღუდა დემოკრატიის ხმები თურქეთის შიგნით. ბოლო წლებში თურქეთის მიერ საერთაშორისო დიპლომატიაში გატარებული პოლიტიკური გზა, რთულ ეკონომიკურ ვითარებასთან ერთად, ამ ქვეყანას საუკეთესო მომავალს ვერ შეუქმნის. ეკონომიკურ პრობლემებზე უფრო მნიშვნელოვანი, ვფიქრობ, დემოკრატიული კულტურის არარსებობაა, რამაც მრავალი პროგრესულად მოაზროვნე თურქი აიძულა ემიგრაციაში წასულიყო.
კრიზისს თან უნდა ახლდეს პრობლემის გააზრება, რასაც თურქეთის შემთხვევაში ვერ ვხედავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქვეყანამ თავისი როლი სულ სხვაგვარად უნდა დაინახოს და გახდეს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ფაქტორი. ის ფაქტი, რომ თურქეთი ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულა გენოციდის ტვირთისგან, მასზე პასუხისმგებლობას არ იღებს, რაც დაეხმარებოდა მას ახალი, მშვიდობიანი და შემოქმედებითი გზით მსვლელობაში, მიუთითებს იმაზე, რომ სამწუხაროდ, მეზობლებთან როგორც შიდა, ისე გარე პრობლემები გაგრძელდება მომავალშიც.
ავტორი: გორგ კალოშიანი
წყარო: Ermenihaber.am