დმანისში ამ დროისთვის სიმშვიდეა – ადგილზე რჩებიან საპოლიციო ძალები

,,მთავარი არხი” წერს, რომ დმანისის ცენტრში, სადაც ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს დმანისში ადგილობრივი აზერბაიჯანული თემისა და ადგილობრივი ე.წ. ეკომიგრანტების თემის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ, ამ წუთებში სიმშვიდეა. ადგილზე სამართალდამცველები და სპეცრაზმია მობილიზებული.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხარეებს შორის გუშინდელი შეთანხმება ფორმალური არ უნდა იყოს და ორივე მხარე ერთნაირად უნდა ეცადოს, რომ გაამყაროს ის შეთანხმება, რომელიც გუშინ, 17 მაისს შედგა.
“ხელის ჩამორთმევას სამომავლოდ სჭირდება ის განგრძობითი პროცესები, რომელიც გაამყარებს იმ ყველაფერს, რომელიც გუშინ მოლაპარაკების დროს შედგა. ორივე მხარე ერთნაირად უნდა ეცადოს, რომ ადეკვატური საქციელების საფუძველზე დაამტკიცოს ის შეთანხმება, რაც გუშინ შედგა.
ხელისუფლება უნდა იდგეს თავის სიმაღლეზე, როგორც გარკვეული სტრუქტურები, რომლებიც ჩართული არიან კონფლიქტების მართვის პროცესში, ისინიც უნდა იდგნენ თავის სიმაღლეზე, რომ არ მივიღოთ უმართავი პროცესი.
ამ ქვეყანაშ არავის არ უნდა ეგონოს, რომ კანონზე მაღლა დგას და ისეთი რაღაცების კეთება შეუძლია, რაც კანონს ეწინააღმდეგება.
კანონი უნდა არსებობდეს, როგორც ერთი მხარისთვის, ისე მეორე მხარისთვის. ალბათ, გამოძიება უნდა შედგეს, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს, რაც ამ დღეებში ჩვენ აქ ვიხილეთ”,- თქვა ხატია მიქიანმა.
16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.