დღეს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანის მეთაურობით გაიმართა თათბირი – 2022-2024 წლების საშუალოვადიანი ხარჯვითი პროგრამის პროექტის მაკროეკონომიკური და საგადასახადო-საბიუჯეტო ჩარჩოს შესახებ.
როგორც ,,არმენპრესს“ განუცხადეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან, დისკუსიის დაწყებამდე ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა სასაზღვრო სიტუაციაზე სიუნიქისა და გეღარქუნიქის რეგიონებში, და აღნიშნა:
”თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას ყოველდღიურად აწვდის ინფორმაციას შექმნილი ვითარების შესახებ. სიტუაცია სტაბილურია, მაგრამ დაძაბული, მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელი. იმის გამო, რომ ჩვენი პოზიცია ნათელია და ერთმნიშვნელოვანი – აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა უნდა დატოვონ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორია. რა თქმა უნდა, ჩვენი შეიარაღებული ძალები ახორციელებენ ტაქტიკური ხასიათის მოქმედებებს, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ ეს სიტუაცია უნდა მოგვარდეს დიპლომატიური გზით, მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი უპირველესი მიდგომა და მიზანი.
თქვენ იცით, რომ ჩვენ გარკვეული ფუნქციების შესასრულებლად მივმართეთ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, პროცედურების შესაბამისად. კერძოდ, თქვენ იცით, რომ არსებობს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კრიზისული რეაგირების რეგულაცია და ჩვენ ვიმოქმედებთ ამ რეგულაციის შესაბამისად. ზოგადად, ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს კუხო– ს ფარგლებში. პროცესი შეიძლება ისე სწრაფად არ მიმდინარეობს, როგორც საჭიროა, მაგრამ არსებობს უსაფრთხოების კოლექტიური მექანიზმები და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მათი ამოქმედების მიზნით.
ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევებს სიტუაციის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მისაწოდებლად და აზერბაიჯანზე საერთაშორისო ზეწოლის გასაზრდელად.
ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან. იცით აგრეთვე, რომ დახმარებისთვის მივმართე რუსეთის პრეზიდენტს და ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება.
ზოგადად, აზერბაიჯანის მოქმედებები დესტრუქციულად მიმაჩნია. ისინი მოქმედებენ რეგიონში დაძაბულობის გასაზრდელად. ჩვენი შეფასებით, ისინი ამ ქმედებებით ცდილობენ გააუქმონ 2020 წლის 9 ნოემბრის ან 2021 წლის 11 იანვრის განცხადებების შემდგომი განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ 11 იანვრის განცხადება ეხებოდა რეგიონალური კომუნიკაციების გახსნას და სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვის საკითხების მოგვარებას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთის რესპუბლიკა არა მხოლოდ დაინტერესებულია რეგიონული კომუნიკაციების გახსნით, არამედ ჩვენ ეს მიგვაჩნია ერთ – ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პრიორიტეტად. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ სომხეთს არასდროს განუხილავს, არ იხილავს და არ განიხილავს “დერეფნის” რაიმე ლოგიკას. ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონში კომუნიკაციების გახსნის შესახებ.
ზოგადად, ჩვენი შთაბეჭდილება იყო და რჩება, რომ სამმხრივმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობენ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე პრემიერ მინისტრები, საკმაოდ ეფექტური და კონსტრუქციული სამუშაო ჩაატარა, და რჩება ფიქრი ამ სამუშაოების შედეგების იმპლემენტაციის შესახებ. და უცნაურია, რომ ამ ეტაპზე მოხდა ეს პროვოკაცია.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რადგან ძალზედ მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, სველი მშრალისგან განვასხვავოთ. რეგიონში კომუნიკაციების გახსნა არა მხოლოდ მისაღებია სომხეთის რესპუბლიკისთვის, არამედ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. რადგან, ჩვენი შეთანხმების თანახმად, სომხეთი იღებს სარკინიგზო კომუნიკაციას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და რუსეთის ფედერაციასთან. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც ასევე იღებს სარკინიგზო კომუნიკაციას ნახჭევანთან. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვაზე. მოგვიანებით, თუ ზოგადი სიტუაცია მოგვარდება, ამ მიმართულებით შეიძლება განხილულ იქნას სამგზავრო ტრანსპორტირების საკითხიც.
რატომ ვამბობ, რომ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან? ვინაიდან გზების გახსნა, დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ 11 იანვრის განცხადებას, რადგან ეს ჩვენს ინტერესებში შედის. ჩვენ თანმიმდევრულად ვიმუშავებთ რეგიონში კომუნიკაციების გახსნის მიმართულებით. მაგრამ რატომ ვამბობ ამას?, რადგან ვგრძნობ, რომ საჯარო დისკურსი ცდილობს ამის იდენტიფიცირებას რაიმე “დერეფნების” შესახებ საუბართან.
სომხეთის რესპუბლიკას არ განუხილავს, არ იხილავს ან არ განიხილავს საკითხს “დერეფნის” ლოგიკით. მინდა ასევე ხაზი გავუსვა შემდეგს: რომ საკითხის არსი სწორედ ეს არის და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ამ ლოგიკით.
რაც შეეხება სასაზღვრო სიტუაციას, ვიმეორებ, რომ ჩვენთვის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ სომხეთის სუვერენული ტერიტორია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აქ, ამ შემთხვევაში, საუბრები დემარკაციისა და დელიმიტაციის შესახებ მიზანშეწონილი არ არის, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ სომხეთი განაგრძობს დიპლომატიურ ძალისხმევებს საკითხის გადასაჭრელად. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები უსაქმოდ არიან, შეიარაღებული ძალები, თავის მხრივ, ახორციელებენ ტაქტიკური ხასიათის მოქმედებებს. მაგრამ ჩვენი პრიორიტეტი და ამოცანაა, რომ არ დავუშვათ სიტუაციის რაიმე ფორმით კონტროლიდან გამოსვლა“.