თურქეთის ოპოზიციური საინფორმაციო საიტ „Gazeteduvar“-ის ანალიტიკოსი მუჰდან საღლამი შეეხო თურქეთისა და აზერბიჯანის პოზიციების განსხვავებას პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის ქმედებების საკითხში.
საღლამმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა და შეერთებული შტატები აკეთებენ განცხადებებს ისრაელის სასარგებლოდ, ხოლო ისლამური ქვეყნები ̶ ისრაელის ქმედებების დამგმობ მკაცრ განცხადებებს.
ისრაელის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ განცხადებებს აკეთებენ თურქეთის ოფიციალური პირები, მაგრამ აზერბაიჯანი, თურქეთის უახლოესი მოკავშირე, არ იზიარებს ანკარის პოზიციას ამ საკითხში და დუმს.
საღლამი აზერბაიჯანის მხრიდან დამგმობი განცხადებების ნაკლებობას ხსნის ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობით. ეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია მასშტაბურ სამხედრო თანამშრომლობასთან, ასევე ეკონომიკურ კავშირებთან. ამ კონტექსტში, ავტორმა მოკლედ წარმოადგინა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ისრაელ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის ზოგიერთი ეპიზოდის ქრონოლოგია.
სტატიაში ნახსენებია აზერბაიჯანში, ძირითადად ბაქოში მცხოვრები 7000 ებრაელის როლი, რაც ხელს უწყობს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. საღლამის თანახმად, ისრაელის ნავთობპროდუქტების 40% ახლა აზერბაიჯანიდან მარაგდება.
აზერბაიჯანის თანამშრომლობა ისრაელთან გამოწვეულია რუსეთის პრო-სომხური პოზიციით, რამაც ბაქო აიძულა იარაღის შეძენისას მოსკოვის ალტერნატივა მოეძებნა.
2012 წელს აზერბაიჯანის მიერ ისრაელიდან შეძენილი იარაღის მოცულობამ 1,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2016 წელს ბაქომ ისრაელიდან შეიძინა 6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა. იარაღის გაყიდვის პარალელურად, ებრაული კომპანიები ატარებენ სპეციალურ სწავლებას აზერბაიჯანელი ჯარისკაცებისთვის, თავადვე მართავენ სადაზვერვო პროცესს. კომპანია, რომელიც ბაქოს აეროპორტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თელ-ავივიდან არის.
ისრაელის გაზეთმა Haaretz– მა გაავრცელა ინფორმაცია ალიევების ოჯახის მიერ ისრაელში 6 მილიონი დოლარის უძრავი ქონების შესყიდვისა და სხვადასხვა სფეროში ჩადებული 600 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის შესახებ. ალიევი ისრაელელი ექიმების მომსახურებით სარგებლობდა, როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ჰეიდარ ალიევის ფონდი, მეჰრიბან ალიევის მეთაურობით, თანამშრომლობს ისრაელის მსგავს ფონდებთან. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე ამის შესახებ ზემოთ ვთქვით, მაგრამ ამგვარი მჭიდრო ურთიერთობების შემთხვევაშიც კი, სტატიის ავტორის აზრით, ბაქო ხანდახან მაინც აკეთებს ანტიისრაელურ განცხადებებს, მუსულმანური სამყაროს რეაქციის თავიდან აცილების მიზნით.