სომხეთში ჩამოსული ტურისტების უმეტესობა რუსეთის, ირანისა და საქართველოს მოქალაქეები იყვნენ
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სომხეთში 86 524 ტურისტი ჩამოვიდა, რაც 71.9% -ით ნაკლებია, 2020 წლის იანვარ-მარტის 307,590 რიცხვთან შედარებით. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ მოწმობს სომხეთის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემები.
ყველაზე მეტი ჩამოვიდა რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები – 30 213 ადამიანი. შემდეგ ყველაზე მეტი ჩამოსული ხალხი სომხეთის მოქალაქეობის მქონეა – 26,633. ისინი ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სომხები არიან.
მესამე ადგილზე არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები – 9 394 ადამიანი. 2021 წლის იანვარ-მარტში სომხეთში ჩამოვიდა საქართველოს მოქალაქეობის მქონე 8911 ტურისტი, აშშ-ის 2.094 მოქალაქე, უკრაინის 2.018 მოქალაქე, საფრანგეთის 1,185 მოქალაქე, ბელორუსის 731 მოქალაქე და გერმანიის 578 მოქალაქე. დიდი რაოდენობით ჩამოვიდნენ ბელგიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ლიბანის, იტალიისა და ესპანეთის მოქალაქეებიც.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგიერთი ქვეყნიდან ჩამომსვლელთა რიცხვმა იმატა. მაგალითად, თუ 2020 წლის პირველ კვარტალში მხოლოდ 6 ისლანდიელი ტურისტი ჩამოვიდა სომხეთში, ამ წლის პირველ კვარტალში – 46.
რაც შეეხება სომხეთიდან წასულ ტურისტებს, 2021 წლის იანვარ-მარტში სომხეთიდან 44 574 ტურისტი წავიდა, 2020 წლის ამავე პერიოდში 274 435-თან შედარებით.