ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 131-ე ონლაინ სესიაზე სიტყვით გამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი არა აივაზიანიც. ინფორმაციას გვაწვდის სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.
სიტყვით გამოსვლისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეეხო 2020 წ. აზერბაიჯანის მიერ არცახის ხალხის წინააღმდეგ დაწყებულ ომს. მან ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ყურადღება გაამახვილა აზერბაიჯანის მიერ ომის დროს ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე, სომეხი სამხედრო ტყვეების მიმართ დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებზე, არცახის ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვაზე და საერთაშორისო ორგანიზაციების შეუფერხებლად შესვლაზე არცახში.
”ჩვენ უნდა განვახორციელოთ მეტად საპასუხისმგებლო მისია და აღვადგინოთ ის დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგები, რომელიც თან მოჰყვა არცახის ომს, რაც გამოიხატება ათასობით ლტოლვილის საცხოვრებელი პირობების მოგვარებაში, ტყვეების დაბრუნებასა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების დაცვაში. მიგვაჩნია, რომ მინისტრთა კომიტეტმა უნდა გააორმაგოს ძალისხმევა ამ მიმართულებით, მათ შორის სრული მხარდაჭერა გამოხატოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ადამიანის უფლებათა კომისრისა და სხვა კომპეტენტური ორგანოებში. ამ დრომდე მინისტრთა კომიტეტის პასუხი აზერბაიჯანის მიერ კონვენციით გათვალისწინებული მისი ნორმატიული ვალდებულებების აშკარა დარღვევებზე არ იყო ადეკვატური”, – განაცხადა მან.
აივაზიანის აზრით, იმის გამო, რომ მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების გამო არ გამოხატულა მკაცრი რეაგირება, აზერბაიჯანი აგრძელებს იმავე პოლიტიკის გატარებას სომხეთის რესპუბლიკის მიმართ, ამჟამად ცდილობს დაიკავოს საზღვრისპირა ტერიტორიები და ადგილობრივი მოსახლეობა დატოვოს საარსებო წყაროს გარეშე.