აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა სომხეთს ძალიან ორაზროვანი წინადადება შესთავაზა.
,,აზერბაიჯანი სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მომხრეა, ბაქომ ერევანს წინადადება შესთავაზა ამ მიმართულებით”, – თქვა ბაირამოვმა ბრიფინგზე.
,,ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია, ის უცვლელი რჩება. ეს ბევრჯერ არის გამოხატული ჩვენი ქვეყნის მეთაურის მიერ. აზერბაიჯანი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობის საფუძველზე, ემხრობა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, და ამ მიმართულებით გაკეთდა წინადადება”, – თქვა ბაირამოვმა. მისი თქმით, ბაქოს მიაჩნია, რომ რეგიონში თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს.
აზერბაიჯანული დიპლომატიური ენიდან გადათარგმნით, ეს გაგებული უნდა იყოს, როგორც სომხებისა და სომხეთისათვის მიმართული გაფრთხილება – უარი თქვან მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევაზე, ტავუშის, გეღარქუნიქის, სიუნიქის ტერიტორიების ნაწილზე, შესაძლოა მთელ სიუნიქზე, რადგან ასე ხედავს აზერბაიჯანი აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის “ტერიტორიულ მთლიანობას”, რომლის იურიდიული უფლებამონაცვლეა თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკა და რომლის შესაბამისი რუკები უკვე გამოქვეყნებულია აზერბაიჯანში. ამ დროისთვის სომხებს გულმოწყალედ ნებას რთავენ სომხეთის დანარჩენ ნაწილში ცხოვრებას, თუმცა აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ნაწილი სომხეთის დედაქალაქს “ირევანს” უწოდებს.