რუსეთი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხით დაკავებულ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატს არასოდეს შეუწყვეტია საქმიანობა და განაგრძობს მუშაობას. ამის შესახებ განაცხადა სომხეთში რუსეთის ფედერაციის ელჩმა სერგეი კოპირკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას, შეეხო რა არცახის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის განახლებას. “ჩვენ გამოვდივართ იმ მიდგომიდან, რომ თანათავმჯდომარეების ფორმატი განაგრძობს მუშაობას. არის საკითხები, რომლებიც თანათავმჯდომარეების ფორმატის დღის წესრიგშია. ვფიქრობ, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მხარეთა პოზიციებზე”, – თქვა კოპირკინმა. რუსეთის ელჩის თქმით, დღის წესრიგში დგას მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მომავალი რეგიონალური ვიზიტი, მაგრამ არ არსებობს მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდება ეს.
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა იგორ პოპოვმა (რუსეთი), სტეფან ვისკონტმა (საფრანგეთი) და ენდრიუ შოფერმა (აშშ) 13 აპრილს გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, სადაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდეს განაგრძონ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი თანათავმჯდომარეების ეგიდით. რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო–ში ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 1 ივნისს განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თანათავმჯდომარეებმა შეიძლება მიაღწიონ შეთანხმებას სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვრის ვიზიტის შესახებ.