საქართველოში კანონდამრღვევებს კოვიდ–ჯარიმებს ჩამოაწერენ
მოსახლეობას იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის ჯარიმები ჩამოეწერება, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამნისტია გამოაცხადა.
„დღეს პარლამენტს უკვე წარედგინა ორი კანონპროექტი, რომლებიც ეხება იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პერიოდში რეგულაციების დარღვევების გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთვრობის მეთაურის განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება 245 ათასზე მეტი მოქალაქე და 344 იურიდიული პირი. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო 76 მლნ ლარის ოდენობის გადაუხდელ ჯარიმაზე.
„აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენ პანდემიიდან გამოწვეული მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღეთ… ჩვენ კარგად გვესმის, რომ ვირუსების მართვის დროს რეგულაციების დაცვა აუცილებელი იყო, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების რთული ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქება. აღნიშნული ინიციატივა სწორედ აქედან გამომდინარეა“, – განაცხადა ღრიბაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა. ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად დაიწყო. ქვეყანაში სავალდებულო აღარ არის გარე სივრცეში პირბადის ტარება, 1 ივლისიდან უქმდება „კომენდანტის საათი“.
პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა პირის 40 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირის 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდება. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.