ანალიტიკამთავარი

საქართველო თვლის, რომ სომხეთი დემოკრატიით საკმაოდ წინ არის

მეზობელ საქართველოში  ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს სომხეთის არჩევნებს და საუკეთესოდ მიაჩნდათ  ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვება. ეს უკანასკნელი საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ასოცირდება რეფორმებთან, დემოკრატიასთან და დასავლეთთან.

საქართველოში სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად იქნა მიჩნეული.  ამჟამინდელი მთავრობის უფრო პროდასავლური წევრები  მიიჩნევენ, რომ სომხეთი ბევრად უსწრებს საქართველოს დემოკრატიის თვალსაზრისით.

ოპოზიციონერი პარლამენტის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ომის შემდეგ არჩევნებში გამარჯვებით, ფაშინიანს შანსი მიეცა გახდეს სომხეთის ისტორიული წინსვლის შემოქმედი.

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე ამბობს, რომ ფაშინიანის გამარჯვება ყარაბაღის ომის შემდეგ მოულოდნელი იყო, მაგრამ, მისი თქმით, აშკარაა, რომ სომეხი ხალხის უმრავლესობა მხოლოდ მისგან ელის ქვეყნის ყველა სხვა პრობლემის მოგვარებას.  რაც შეეხება საქართველოს,  ისინი ყველაზე მეტად არიან კმაყოფილები  ფაშიანიანის გამარჯვებით. როგორც მან  თქვა,

”აქ უფრო სასურველია ნიკოლ ფაშინიანის, როგორც რევოლუციური ფიგურის გამარჯვება, რომელსაც კვლავ შეუძლია შეცვალოს ურთიერთობები დასავლეთთან და რუსეთთან. კულისების  მიღმა არსებობს იმედი, რომ ფაშინიანი შეეცდება კიდევ უფრო დაუახლოვდეს დასავლეთს ყარაბაღის ომის შემდეგ“.

კონფლიქტმცოდნე გიორგი კანაშვილის აზრით, ფაშინიანმა გაიმარჯვა, რადგან მოქალაქეებმა ის ამჯობინეს  “წარსულის აჩრდილებს”.  მისი თქმით, ფაშინიანმა მიიღო მანდატი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისთვის …

”ზოგადად, სომხეთში არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე. ამას ადასტურებენ ორგანიზაციები, რომლებმაც შეასრულეს ადგილზე მომუშავე სადამკვირვებლო მისიები. ”ჩვენ საქართველოში ბედნიერები ვართ, რომ პროცესმა მშვიდობიან პირობებში ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ ამით დასრულდება სომხეთის პოლიტიკური კრიზისი“.

საერთაშორისო საქმეთა ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ფაშინიანს პროდასავლური “იმიჯი” აქვს, თუმცა დღეს მას კიდევ უფრო გაუჭირდება პროდასავლური მიმართულების არჩევა. ამიტომ, მისი თქმით, სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში ცვლილებების მოლოდინი არ აქვს.

”მე არ ველოდები სერიოზულ გარღვევას სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებში. დღეს საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს სომხეთთან, საქართველო ასოცირდება დასავლეთთან, ნატოსა და ევროკავშირთან, სომხეთი კი რუსეთთან, ეს  ხელს უშლის მათ დაახლოებას. ჩვენი ურთიერთობები დარჩება ისეთივე, როგორც არის“.

ამასთან, არჩილ სალუქვაძე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დროს  სომეხი ტყვეები დაბრუნდნენ აზერბაიჯანიდან საქართველოს შუამავლობით, ხაზს უსვამს იმას, რომ შეერთებული შტატების თხოვნით, საქართველო აქტიურად ჩაერთვება რეგიონულ საკითხებში და დაამყარებს უფრო საიმედო ურთიერთობებს სომხეთთან.

სხვათა შორის, არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის არა  ერთ ქვეყანას და მათ შორის საქართველოს.

„დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავაღრმავებთ და გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს საქართველოსთან. მინდა მშვიდობა ვუსურვო ჩვენს რეგიონს, ჩვენი ხალხისთვის მშვიდობიანი განვითარების ეპოქის გახსნა მთავარი პრიორიტეტია“. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც მისალოცი გაუგზავნა ფაშინიანს გამარჯვებასთან დაკავშირებით. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიულოცა ფაშინიანს დამაჯერებელი გამარჯვება და წარმატებული საპარლამენტო არჩევნები. საქართველოს ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

ავტორი:   გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button