აზერბაიჯანი და თურქეთი სომხების მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყვეტენ სომხეთით გამავალი გზის პრობლემას. ამის შესახებ News.am- ის კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა რუსმა პოლიტოლოგმა, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის საკითხებით ექსპერტმა სტანისლავ ტარასოვმა, კომენტარი გაუკეთა რა თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების კიდევ ერთ განცხადებას ე.წ. “ზანგეზურის დერეფნის” შესახებ.
მან შეახსენა, რომ 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში არ არსებობს ცნება “ზანგეზურის დერეფანი”, მაგრამ არსებობს ცნება “კომუნიკაციები”. ”მეორე საკითხია, რომ ეს გზა გადის სომხეთის ტერიტორიით. როგორ შეუძლიათ მათ სომხეთის პრობლემის მოგვარება სომხების მონაწილეობის გარეშე?” – თქვა ექსპერტმა. ტარასოვმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სომხეთში არჩევნების წინა დღეს ხელი მოაწერეს შუშის დეკლარაციას. ”ასე რომ, შესაძლოა მათ სურდათ გავლენა მოეხდინათ ამ არჩევნების შედეგებზე. თუ ასეა, მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას. რაც შეეხება განცხადებებს ბაზების შესახებ, ეს სისულელეა, ისინი არ იქნება. ბაზა ჩნდება მესამე ქვეყნის მხრიდან საფრთხის შემთხვევაში. ვინ ემუქრება ახლა აზერბაიჯანს? არავინ. არანაირი მოტივაცია არ არსებობს. ამიტომ, ასეთი განცხადებები მიმართულია შიდა აუდიტორიისკენ. ამ თვალსაზრისით, თურქეთის შესაძლებლობები ძალზე გაზვიადებულია და აზერბაიჯანელებს, თავის მხრივ, არ სურთ დაკარგონ თავიანთი დამოუკიდებლობა”, – ამბობს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა 15 მაისს ხელი მოაწერეს შუშის დეკლარაციას, რომელშიც აღნიშნულია ეგრეთ წოდებული “ზანგეზურის დერეფნის” გახსნის მნიშვნელობა. ერდოღანი ასევე არ გამორიცხავს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის შექმნას.