საერთაშორისო

საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით სამხრეთ კორეიდან

გაიმართა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მხარეების პირველი კონსულტაციები საინვესტიციო შეთანხმებასთან დაკავშირებით სეულში 2019 წლის დეკემბერში გაიმართა.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას”, – განაცხადი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

არველაძე ქართული მხრიდან მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, კორეა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ჩვენთვის, რომელთანაც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით დიდი პოტენციალია. ბოლო წლებში კორეელი ინვესტორები სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, აღნიშნა მან.

შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა დავის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

სტატისტიკის მიხედვით, პირველი ინვესტიციები კორეიდან საქართველოში 1997 წელს განხორციელდა. მას შემდეგ ინვესტიციების საერთო მოცულობამ 204.32 მლნ დოლარი შეადგინა (2020 წლის ჩათვლით).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონელბრუნვამ ქვეყნებს შორის მიმდინარე წლის იანვარ-მაისში 31.1 მლნ დოლარი შეადგინა.

ნახეთ მეტი
Back to top button