გარდა იმისა, რომ დანაშაულია, სრულ სიბნელეს წარმოადგენს — მოსამართლე 5 ივლისის ძალადობაზე

,,ნეტგაზეთი” წერს, რომ მოსამართლე რომან ხორავა, რომელმაც ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს სიბნელედ და სირცხვილად აფასებს.
“მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხის შემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს”, — განაცხადა მოსამართლემ “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისის მოვლენებისას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა — თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძემ — „სირცხვილიას“ ოფისში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. თემურ ხარაულმა და ილია ქებაძემ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.