
პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ჯონათან ლაკოტე.
სომხეთის პრემიერ- მინისტრის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა ელჩს მიულოცა საფრანგეთის ეროვნული დღე და აღნიშნა, რომ ორი საუკუნის წინ განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ მთელი თანამედროვე კაცობრიობისთვის. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საფრანგეთში განხორციელებული რევოლუციის შედეგად, მსოფლიოში ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდა.
„მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ტრადიციულად მაღალ დონეზეა. ჩვენ ველოდებით უახლოეს მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ვიზიტს ჩვენს ქვეყანაში, რაც ხელს შეუწყობს სომხეთ-საფრანგეთის მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და განმტკიცებას”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა და დასძინა, რომ მას მუდმივი კონტაქტი აქვს პრეზიდენტი მაკრონთან. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი მაღალ შეფასებას აძლევს საფრანგეთის ძალისხმევას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში რეგიონში სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით.
ელჩმა ლაკოტემ მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და დასძინა, რომ 2018 წელს მომხდარმა რევოლუციამ შექმნა ახალი რეალობები სომხეთში დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის. ჯონათან ლაკოტმა დასძინა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ემანუელ მაკრონის სომხეთში ვიზიტის ორგანიზების მიზნით, რამაც შეიძლება დიდი სტიმული მისცეს სომხეთ-საფრანგეთის ურთიერთობების განვითარებას, სხვადასხვა სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებას. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ფრანგული მხარე დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის განვითარებით ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, მრეწველობის, განათლებისა და სხვა სფეროებში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში განვითარებულ მოვლენებსაც.
საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და რომ ფრანგული მხარე გააგრძელებს ძალისხმევას სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის განახლების მიზნით. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ჯერ არ არის მოგვარებული, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მთიანი ყარაბაღის სტატუსის გარკვევის შემდეგ.
როგორც ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, აზერბაიჯანი ყველაფერს აკეთებს რეგიონში არასტაბილურობის პროვოცირებისთვის, რასაც მოწმობს უწყვეტი აგრესიული განცხადებები უმაღლეს დონეზე. მისი აზრით ამ მიმართებით მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ადეკვატური გამოხმაურება და საჭირო ღონისძიებები.