საზოგადოება

ღარიბაშვილი: ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია შეზღუდვების შემოტანა, არც მინდა სიტყვა “დაკეტვა” ვახსენო

,,Metronome.ge” წერს, რომ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნამ კონკრეტული შედეგები გამოიღო. მისი თქმით, ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზრდაში აისახა.

“ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგი გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილში გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, 45 პროცენტი, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად, მთელი ევროპის მასშტაბითაც, შეიძლება ითქვას. მაისში გვქონდა ასევე ძალიან მაღალი ზრდა, 25 პროცენტის ფარგლებში. წინასწარი ინფორმაცია მაქვს, რომ ივნისშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა, ეს იქნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, დაახლოებით 15-დან 18 პროცენტამდე. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12 პროცენტით. ამან საშუალება გააჩინა და მოგვცა დამატებითი რესურსების მობილიზებისა ბიუჯეტში, ამიტომ ფინანსთა მინისტრმა მოამზადა შესაბამისი ცვლილებაც და წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი. გაიხსნა თითქმის ყველაფერი ქვეყანაში და მუშაობს წარმატებით. ეკონომიკამ დაიწყო ძალიან სწრაფი ტემპებით აღდგენა და გამოცოცხლება, გაჯანსაღება. სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ ჩვენი მოქალაქეები”, – ამბობს ღარიბაშვილი.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგების რჩევები, კონკრეტულად ნიღბის ტარებასთან დაკავშრებით.

“აქედან გამომდინარე, მეგობრებო, მე მინდა, ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს მივმართო თხოვნით – ეს ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია ხელახლა რაღაც შეზღუდვების შემოტანა. არც მინდა, გავიმეორო სიტყვა – „დაკეტვა“ და ა.შ. ყველაფერი მოვხსენით, მოვხსენით ნიღბის ტარების ვალდებულებაც ქუჩაში, რადგანაც გაუსაძლისი იყო სიცხეში ნიღბის ტარება, მაგრამ ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს. თუ ადამიანს სურს, მას შეუძლია, ატაროს ქუჩაშიც ნიღაბი, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ დახურულ სივრცეებში, ასევე გაჩერებებზე, ასევე ტრანსპორტში ეს არის სავალდებულო, სავალდებულო არის ნიღბის ტარება”, – აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button