,,მთავარი არხი” წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მხარდაჭერით აზერბაიჯანიდან სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და სამშობლოში დაბრუნების მიმართულებით წინსვლა მნიშვნელოვანი საფუძველი გახდება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს და წერს, რომ ამ საკითხზე საუბარია ბაიდენის მისალოც წერილში, რომელიც მან სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებასა და ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით გაუგზავნა.
შეერთებული შტატები მოხარულია სომხეთის სამხედრო პატიმრების აზერბაიჯანიდან გათავისუფლების ძალისხმევას დაეხმაროს. ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ყველა სამხედრო ტყვის უსაფრთხო დაბრუნებისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს მხარდაჭერით ამ მიმართულებით ჩვენი პროგრესი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება შემდგომი რეგიონული თანამშრომლობისთვის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ ინიცირებულ დისკუსიებთან ერთად, – ნათქვამია ბაიდენის წერილში.
ჯო ბაიდენის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მომავალშიც მზად ვართ, რომ ეს ფუნქცია ავიღოთ საკუთარ თავზე და საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირე, რეგიონში იყოს ლიდერი სახელმწიფო და მშვიდობის ფასილიტატორი სახელწმიფო, რათა განხორციელდეს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები, – ამბობს დავით ზალკალიანი.