საერთაშორისო

ინფლაცია რეკორდულად იზრდება, ეროვნულმა ბანკმა სესხიც გააძვირა

როგორც „სპუტნიკი საქართველო “ წერს,

„საქსტატის“ მონაცემებით, გაძვირება ლამის ყველა მიმართულებით აღინიშნა.

ცხრილი 1. ინფლაციის პროცენტული ცვლილება

პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით%
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები14,1
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო7,1
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი1,7
საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი11,1
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა11,5
ჯანმრთელობის დაცვა11,4
ტრანსპორტი22,5
კავშირგაბმულობა-0,8
დასვენება, გართობა და კულტურა4,7
განათლება1,6
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები10,2
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება11,9
ინფლაციის დონე, სულ11,9

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები ყველაზე მეტად მომატებულია ზეთზე და ცხიმზე (48,0 პროცენტი), ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე (35,4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეულზე (18,1 პროცენტი) და ა.შ.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33,2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3,8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1,7 პროცენტი);

რაც შეეხება საწვავს, ბენზინი შარშანდელ ივლისთან შედარებით 56,86%-ით გაძვირდა, დიზელის საწვავი კი – 47,94%-ით.

ჯანმრთელობის დაცვა 11,4 პროცენტით გაძვირდა. გაძვირებულია სამედიცინო პროდუქცია, საავადმყოფოების მომსახურება, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. საგრძნობია რიგი მედიკამენტების გაძვირებაც. მაგალითად, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 30,54%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 26,32%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 17,13%-ით; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 9,04%-ით არის გაძვირებული.

ინფლაციის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

ქვეყანაში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს, რომელსაც კარგა ხანია გასცდა. ინფლაციაზე პასუხისმგებელმა საქართველოს ეროვნული ბანკმა მის ხელთ არსებული ბერკეტი აამოქმედა და 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-დან 10%-მდე გაზარდა.

სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განმარტებით, საქართველოში დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით და „ძირითადად ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია“.

მისი განცხადებით, ამ მხრივ მთავარია მსოფლიო ბაზარზე სურსათისა და ნავთობის მკვეთრად გაზრდილი ფასები, ასევე მომატებულია ტრანსპორტირების ხარჯებიც, რაც იმპორტირებული პროდუქციის ფასებზე ახდენს გავლენას.

140.100 მსესხებელს მომსახურება გაუძვირდა

„საზოგადოება და ბანკების“ ინფორმაციით, 2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 140.100 სესხი, ჯამში 7,825 მლრდ ლარია გაცემული. მათ შორის 45.400 სამომხმარებლო სესხია, უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაცემულია 60.300 სესხი, 30.400 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს-სესხებზე, 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ავტოსესხებზე, 3.300 ხელშეკრულებაა გაფორმებული სესხებზე, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობაც უცნობია. ასე რომ, სესხის გაძვირება ბევრს შეეხო. „საზოგადოება და ბანკები“ ვარაუდობს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებშიც კი 2021-ის წლიური ინფლაცია 9%-იან ნიშნულთან შენარჩუნდება. ორგანიზაციის აზრით, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ ინფლაციის მაჩვენებელსაც დაასტაბილურებს.

ექსპერტების კომენტარები შექმნილ მდგომარეობაზე

„საქართველოში მაღალი ინფლაცია მეტი პრობლემის მომტანია, ვიდრე ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი – სიკეთის“, – განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ.

„ცალკე რომ განვიხილოთ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდაც კი შეიძლება იყოს მიღწევადი. ცალკე ინფლაციაც მაღალი იქნება. სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ფართო მასებში პირდაპირ გავლენას არ ჰპოვებს. ერთი შეხედვით ეკონომიკური ზრდის ტემპი აბალანსებს მაღალ ინფლაციას, მაგრამ საქართველოში უმეტესობისთვის ვერ აბალანსებს ერთი მეორეს, რადგან ზრდის ტემპში მოსახლეობისა და ბიზნესის მხოლოდ მცირე ჯგუფები მონაწილეობს.

ასე რომ, ერთიანობაში თუ შევხედავთ, საკმაოდ ოპტიმისტურია არა თუ ორნიშნა, არამედ 7,7% ეკონომიკის ზრდაც, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა დარტყმას მოგვაყენებს პანდემია თუნდაც უახლოეს ერთ თვეში და, მეტიც, მოგვიტანს თუ არა ეს კიდევ ერთ ჩაკეტვას. პრემიერის განცხადება იყო საკმაოდ ადეკვატური, რომ ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვერ გადაიტანს. რეალურად, არ აქვს მნიშვნელობა, ბიზნესს ხელით ჩაახრჩობ თუ პანდემია მოუღებს ბოლოს“, – ამბობს ჭარაია.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სებ-ის ყოფილი ხელმძღვანელი რომან გოცირიძე.

„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10 პროცენტამდე გაზარდა. ეს ორნიშნა ინფლაციის შესაკავებლად კეთდება.

ეროვნული ბანკი ერთი ხელით ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, მეორე ხელით კი არბილებს მას. ორი თვის წინ თუ რეფინანსირების სესხების მოცულობა ერთ მილიარდ ლარამდე იყო, დღეისათვის თითქმის ორი მილიარდია. რა აზრი აქვს სესხის პროცენტის ზრდას, თუ სესხის მოცულობა არ შეამცირე?

დღევანდელი გადაწყვეტილება ბიზნესს და სხვა მსესხებლებს კრედიტებს გაუძვირებს, ინფლაციაზე კი გავლენას ნაკლებად მოახდენს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტი და ფულის წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ხარჯვაა“, – დაწერა რომან გოცირიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ თუ ინფლაციის მაჩვენებელი 11,9%-ზე შენარჩუნდა, ეს იქნება ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 24 წლის განმავლობაში.

წყარ:  https://sputnik-georgia.com/reviews/20210817/252602257/inflacia-rekordulad-izrdeba.html

ნახეთ მეტი
Back to top button