
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა „რია ნოვოსტის“ კორესპოდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ ერევანი მზად არის განაახლოს მოლაპარაკებები ბაქოსთან ყარაბაღის საკითხის დარეგულირებაზე თანასწორობისა და ძალის გამოუყენებლობის პრინციპზე დაყრდნობით.
“სომხეთის რესპუბლიკამ არაერთხელ განაცხადა უმაღლეს დონეზე, რომ ის მზად არის განაახლოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი პროცესი ცნობილი პრინციპების საფუძველზე, რაც შემდეგში მდგომარეობს: ძალის გამოუყენებლობა ან ძალის გამოყენების მუქარის არ არსებობა, თანასწორი უფლებები, ხალხთა თვითგამორკვევა და ტერიტორიული მთლიანობა. 9 ნოემბერს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ, თანათავმჯდომარეებმა არაერთი განცხადება გააკეთეს, მოუწოდებდნენ მხარეებს მოლაპარაკების დაწყებისაკენ. ”სომხური მხარე მიესალმა ამ განცხადებებს და მიიჩნია, რომ ეს არის გზა მშვიდობისაკენ”, – თქვა მან.
ამავდროულად, მირზოიანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაც აისახება, უპირველეს ყოვლისა, ყველა სამხედრო ტყვესა და სხვა დაკავებულთა დაუყოვნებლივ დაბრუნების საკითხში. მინისტრმა ასევე დაადანაშაულა ბაქო სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრაში და ყალბ ტერიტორიულ პრეტენზიებში. ”სომხური მხარე თანმიმდევრულად შეუწყობს ხელს არცახის ხალხის თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციას, მათ უფლებას იცხოვრონ თავისუფლად და ღირსეულად საკუთარ სამშობლოში”, – აღნიშნა მირზოიანმა.