მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს „სპარსეთის ყურიდან- შავ ზღვამდე“ დერეფნის შექმნის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები

თბილისში  იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობთ. დელეგაციის შემადგენლობაში  მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა თავის ქართველ კოლეგას  დავით  ზალკალიანს. შეხვედრისას  განხილული იქნა   „სპარსეთის ყურიდან- შავ ზღვამდე“ დერეფნის შექმნის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატი.

„ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის გააქტიურება ხელს შეუწყობს რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ კონტექსტში ხაზს უსვამს სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის როლს”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის დროს მინისტრმა მირზოიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას  სომეხი სამხედრო ტყვეების დაბრუნების მიმართულებით გამოჩენილი ძალისხმევისათვის.  ამავე დროს, მან დასძინა, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მძევლად აყვანას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონის დარღვევას.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე საუბრისას არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით  კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის განახლების აუცილებლობას.

ნახეთ მეტი
Back to top button