საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ აშშ-ს ელჩმა სომხეთში ლინ ტრეისიმ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მიმაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსი მოგვარებული არ არის და ის დარჩება მინსკის ჯგუფის დღის წესრიგში”, – განაცხადა ელჩმა.
კითხვაზე ხედავს თუ არა რაიმე წინაპირობას დიალოგისთვის, ლინ ტრეისიმ თქვა, რომ მას არ სურს მხარეების სახელით საუბარი და აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობამ უკვე ნათლად თქვა, რომ ფართო დისკუსიებს ადგილი არ ექნება, სანამ არ მოხდება ტყვეთა საკითხის მოგვარება.
„შეერთებულმა შტატებმა გარკვეული ძალისხმევა გამოიჩინა, რუსმა პარტნიორებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მივალთ იქამდე, როდესაც ყველა ტყვე დაბრუნდება”, – თქვა ელჩმა.
რაც შეეხება სომხეთის ომბუდსმენის ანგარიშს აზერბაიჯანში სომეხი ტყვეების მკვლელობებისა და წამების შესახებ, ლინ ტრეისიმ აღნიშნა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს ყველა ამ გამოვლინებას და გააგრძელებენ თანამშრომლობას ყველა მხარესთან მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ” მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას და ინდივიდებს პატივი სცენ ადამიანის ძირითად უფლებებს”, – თქვა მან.