მთავარისაზოგადოება

სომხეთში $13,5 მილიონიან ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ხიდების მშენებლობას წელს დაასრულებს

კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს სომხეთში. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორის პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ სომხეთში 255 მეტრი საერთო სიგრძის 2 ახალი ხიდის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს „commersant.ge“.

„პროექტზე მუშობა 2020 წლის იანვარში დავიწყეთ. ეს არის ტენდერი, რომელიც ორჯერ ჩაიშალა. პირველად, 2010 წელს, პროექტს იტალიელები ახორციელებდნენ, თუმცა სამუშაოები არ შესრულდა, ტენდერი ვერც მეორედ განხორციელდა. 2019 წელს სახელმწიფო შესყიდვა კიდე ერთხელ გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ. ეს არის 13,5 მლნ დოლარის ღირებულების ტენდერი, რომელიც 255 მეტრი სიგრძის 6 მალიანი, ავტობანის 2 ხიდის აშენებას გულისხმობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუშებიც კი საქართველოდან წავიყვანეთ, ძალიან ბევრი რკინის კონსტრუქცია მზადდება საქართველოში და ისე მიგვაქვს. მიუხედავად პანდემიისა და სომხეთში განვითარებული საომარი მოქმედებებისა, ჩვენ მუშაობა არ გაგვიჩერებია. შესაბამისად, ჩვენი დამკვეთი ერევნის მერია სამუშაოთი კმაყოფილია. ჩემი აზრით, ეს არის წარმატებული ქართული სამშენებლო ექსპორტი“, – განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.

„სურვილი ერთია და რეალობა მეორე, აზერბაიჯანში ძალიანაც რომ მოვინდომოთ, მაინც ვერ მივიღებთ ტენდერში მონაწილეობას, რადგან საშინელი კორუფციაა. სომხეთში ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მონაწილეობა, მაგრამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, არაფერი გამოვიდა. დღეს სომხეთში კონკურენტული გარემო შეიქმნა და ქრთამს არავინ ითხოვს. მეორე წელია, რაც მეზობელ ქვეყანაში ვმუშაობთ და დამკვეთთან პრობლემა არ გვქონია, პირიქით – დამკვეთი სამუშაოთი კმაყოფილია, რადგან როდესაც ყველა გაჩერებული იყო, ჩვენ ვმუშაობდით“, – აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

ნახეთ მეტი
Back to top button