პოლიტიკა

NATO PA მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებას

,,Netgazeti.ge” წერს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ (NATO PA) რუსულ გამოწვევასთან დაკავშირებით რეზოლუცია მოამზადა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

რეზოლუციის პროექტით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და რუსეთის უწყვეტ ძალისხმევას ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისა და მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რელსებიდან გადაყვანის მიმართულებით.

ასევე, გამოხატავს შეშფოთებას ადამიანის უფლებების დარღვევისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ხაზს უსვამს ევროკავშირის მედიაციით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის საჭიროებას რუსეთის მხრიდან და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრი ქვეყნებს მთავრობებსა და პარლამენტებს, გააძლიერონ მხარდაჭერა საქართველოს და უკრაინის ძალისხმევისადმი, რომ დააჩქარონ მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ასევე, სოლიდარობა გამოხატონ საქართველოს და უკრიანის მიმართ ერთობლივი სწავლებისა და მათი თავდაცვისუნარიანობის პრაქტიკული მხარდაჭერის მიმართულებით.

საქართველოს შესახებ საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის კიდევ ერთ რეზოლუციაში, რომელიც წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დაადასტურონ ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება, გააძლიერონ უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინას მხარდაჭერა და დაეხმარონ მათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button