ეკონომიკა

რატომ არ მოამზადა ფინანსთა სამინისტრომ დასკვნა ნამახვანჰესზე — განმარტება

,,ნეტგაზეთი․გე“ წერს, რომ ეკონომიკის სამინისტრომ „ნეტგაზეთის“ პუბლიკაციას უპასუხა და განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო არ იყო ვალდებული, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რაიმე დასკვნა მოემზადებინა.

თუმცა მთავრობის მიერ კონტრაქტის დადებამდე 2 დღით ადრე გამოცემული განკარგულება და კანონის კიდევ ერთი ნორმა კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებს სამინისტროს ამ განმარტებას.

რა ხდება?

18 ოქტომბერს „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა ფინანსთა სამინისტროსგან მიღებული პასუხი, რომლის თანახმადაც უწყებას გაცემული არ ჰქონია ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა.

2021 წლის 3 ივნისს გამოცემამ  სამინისტროს ჰკითხა, აქვთ თუ არა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-10 მუხლის შესაბამისად მომზადებული დასკვნა ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტსა და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულებაზე.

სამინისტრომ მხოლოდ ოთხ-ნახევარი თვის შემდეგ, დაგვიანებით მოგვაწოდა პასუხი, იმის მიუხედავად, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად 10 სამუშაო დღე ჰქონდა კანონმდებლობით მინიჭებული.

მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ „პროექტთან დაკავშირებით საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასკვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ აქვს გაცემული“.

ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

პუბლიკაციის გამოქვეყნების მომდევნო დღეს, 19 ოქტომბერს, „ნეტგაზეთს“ ეკონომიკის სამინისტრო საჯაროდ გამოეხმაურა და ფინანსთა სამინისტროს პასუხის „შინაარსი და საფუძვლები“ ასე განმარტა:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეისწავლიდა და მოამზადებდა დასკვნას ნამახვანი ჰესის პროექტზე „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის ნორმების მიხედვით იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი ტენდერი ჩატარდა იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე საქართველოში აღნიშნული კანონი ამოქმედდებოდა“.

კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო მიუთითებს, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განმახორციელებელი ინვესტორი შეირჩა ჯერ კიდევ 2016 წელს გამოცხადებული ინტერესთა გამოკითხვის საფუძველზე და ინვესტორი გამარჯვებულად გამოცხადდა 2017 წლის 17 იანვარს. კანონი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კი ძალაში შევიდა 2018 წლის 4 მაისს.

ეს თარიღები ზუსტია, თუმცა უშუალოდ ხელშეკრულება დაიდო 2019 წლის 25 აპრილს, იმ დროს, როდესაც აღნიშნული კანონი უკვე ძალაში იყო შესული.

გარდამავალი დებულება

ამ შეუსაბამობას ეკონომიკის სამინისტრო ხსნის იმით, რომ მთავრობამ ხელშეკრულება მის ხელმოწერამდე განიხილა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული კანონის 36-ე მუხლი, რომელიც გარდამავალ და დასკვნით დებულებებს მოიცავს, ითვალისწინებს, რომ:

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტი, რომლის შემუშავება ამ კანონის ამოქმედებამდეა დაწყებული … წარედგინება საქართველოს მთავრობას … „განხორციელების ეტაპის განსაზღვრის“ მიზნით“.

პროექტის „განხორციელების ეტაპებს“ კი ამავე კანონის მე-11 მუხლი განსაზღვრავს. ეს ეტაპები შეიძლება იყოს:

  • პროექტის იდენტიფიცირება და ინიცირება,
  • მომზადება,
  • კერძო პარტნიორის შერჩევა,
  • პროექტის განხორციელება და
  • განხორციელების შემდგომ შეფასება.

ეკონომიკის სამინისტრო 18 ოქტომბრის განმარტებაში მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით იმსჯელა და დაადგინა, რომ

„მოლაპარაკების მხარეებმა (ეკონომიკის სამინისტრომ და კომპანია „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიამ“) კანონის ამოქმედებამდე დაასრულეს მოლაპარაკებები და 2019 წლის აპრილში ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი იყო საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე“.

სწორედ აქედან გამომდინარე აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო, რომ „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვერ შეაფასებდა პროექტს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის“.

კონტრარგუმენტი — მთავრობის განკარგულება

მართალია, კონტრაქტის პრეამბულაში წერია, რომ პროექტის იდენტიფიცირების, ინიცირების, მომზადების, განხილვის და მოწონების და პარტნიორის შერჩევის ეტაპები დასრულდა კანონის ძალაში შესვლამდე და მხარეები „ამჟამად იმყოფებიან საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე“, თუმცა მთავრობის შესაბამის განკარგულებაში ეს ეტაპი სხვაგვარად არის განსაზღვრული.

კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 აპრილის 905-ე განკარგულება, კონტრაქტისგან განსხვავებით, პროექტის მიმდინარე ეტაპად „მომზადების ეტაპს“ განსაზღვრავს:

გაურკვეველია, თუკი მთავრობამ კონტრაქტის ხელმოწერამდე 2 დღით ადრე პროექტის ეტაპად მომზადების ეტაპი განსაზღვრა, რატომ ჩაიწერა კონტრაქტში „გაფორმების ეტაპზე“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს კითხვით, რამ გამოიწვია მთავრობის განკარგულებაში მითითებული ეტაპის ცვლილება 2 დღეში, დოკუმენტის ხელმოწერის დროისთვის/როგორ აიხსნება ეს განსხვავება. უწყების პასუხს მიღებისთანავე, ამავე სტატიაში შემოგთავაზებთ.

ამ დეტალის მიუხედავად, საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი მაინც ავალდებულებს უფლებამოსილ ორგანოს, მოლაპარაკებული პირობები ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს ფისკალური რისკების შესაფასებლად.

რატომ არის ეს ამბავი მნიშვნელოვანი?

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი სალომე შუბლაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობდა, რომ ფინანსთა სამინისტროს დასკვნა არა მხოლოდ ნამახვანჰესის პროექტზე, არამედ საჯარო-კერძო თანამშრომლობის (ანუ PPP) ყველა პროექტზე არის ცენტრალური დოკუმენტი:

„საჯარო-კერძო თანამშრომლობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავისი კონტრიბუციით, მხარდაჭერით, საჯარო რესურსებით შედის პროექტში… ეს საკითხი გადის ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობაზე და მოიცავს გარკვეულ ფისკალურ რისკებს“, – ამბობდა იურისტი და განმარტავდა:

„კერძოდ, საუბარი გვაქვს PPA-ზე, ანუ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, არის საქართველოს მთავრობის ვალდებულება. თუ ესკო (ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი) იქნება გადახდისუუნარო, ეს თანხა კომპანიას უნდა გადაუხადოს მთავრობამ. გარდა ამისა, ხელშეკრულება მოიცავს უამრავ პირობას, როდესაც პირდაპირ დგება სახელმწიფოს ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი“.

შესაბამისად, ორგანიზაციის წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ ერთი მხრივ, პროექტის ბუნებიდან, მეორე მხრივ კი, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე, — „როდესაც ამდენ გარანტიას იღებს სახელმწიფო კომპანიის წინაშე“, — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ამ პროექტთან დაკავშირებით.

„ეს საკითხი შეიძლება გადიოდეს საბიუჯეტო სტაბილურობაზე, რადგან ვიცით, რომ ვალდებულებები, რაც ამ ეტაპზე აქვს მთავრობას აღებული, იმ შემთხვევაში, თუ არ შეასრულებს, სერიოზულ კომპენსაციებს უკავშირდება. და, ბუნებრივია, ეს რისკები წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი და შეფასებული“, – აცხადებდა იგი.

პროექტიდან გასული ინვესტორი

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა დაასახელა.

18 ოქტომბერსვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნეს.

„რა თქმა უნდა, არბიტრაჟი არც ჩვენთვის არის სასურველი და, იმედი მაქვს, არც კომპანია ენკასთვის, რომლის მთავარი პროფილიც არის მშენებლობა და არა არბიტრაჟში დავა“, – განაცხადა თურნავამ.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე.პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

ამჟამად ჯერ კიდევ დასაზუსტებელია დეტალები, თუ კონკრეტულად რის გამო დავობს „ენკა“ და რა პოზიცია ექნება მის კონკრეტულ პრეტენზიებზე სახელმწიფოს. შესაბამისად, როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, თუ ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები.

თუმცა კონტრაქტის შინაარსი და ინვესტორის გავრცელებული მოკლე ცნობა რამდენიმე სცენარის წარმოდგენის შესაძლებლობას იძლევა:

ნახეთ მეტი
Back to top button