საერთაშორისო

სააკაშვილი დღეიდან მედიკამენტების მიღებასა და კონსილიუმთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას წყვეტს და აღარ აპირებს შიმშილობის შემამსუბუქებელი მკურნალობაში ჩართვას. ამის შესახებ მისი წერილი სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

“როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებამდე შემენარჩუნებინა შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და, სამწუხაროა, რომ მთავრობამ მათი მთავარი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს.

საქართველოში ჩამოვედი, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიემართებოდა ტოტალიტარიზმისკენ და ქართველებისგან დაცლისკენ. თუნდაც ამ არჩევნებზე უნდა ვცადოთ ამის შეჩერება და გადავდგათ ნაბიჯი შემობრუნებისკენ.

პირველ ტურში ოპოზიციამ მართლაც სერიოზულ წარმატებას მიაღწია და ყველა დიდ ქალაქში მიაღწია მეორე ტურს, ხოლო რამდენიმეში პირველ ადგილზეც გავიდა. შემდეგ ჩვენ გავხდით ძალიან პოზიციური პროცესის მომსწრე, სრულიად სხვადასხვა ოპოზიციური ძალების გაერთიანებისა. ხვალ არის მეორე ტური და ის გადამწყვეტია ქართული დემოკრატიისათვის, ჩვენი მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. მე მინდა თქვენ იცოდეთ, რომ ჩემი სიცოცხლის გაგრძელება მთლიანად მიბმულია თქვენს ხვალინდელ გადაწყვეტილებაზე და საქართველოს გამარჯვებაზე.

დღეს ჩემი შიმშილობა სრული მოცულობით გრძელდება, მაგრამ მაქვს თითოეული თქვენთაგანის იმედი, და ესე იგი გამარჯვებული ხვალის იმედი”, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

სააკაშვილი წერილში მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ, ხოლო საღამოსთვის “ხმების დასაცავად” საარჩევნო უბნებთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

ნახეთ მეტი
Back to top button