საზოგადოება

დღეს სააკაშვილი ალტერნატიულ კონსილიუმს ელოდება, რომელიც ანალიზებს აუღებს — ადვოკატი

,,ნეტგაზეთი.გე” წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მასთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

როგორც ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, დღეს, 3 ნოემბერს, სააკაშვილი ალტერნატიულ კონსილიუმს ელოდება, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ზღვარს ქვემოთ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, დასუსტებული და დამძიმებულია. დღეს მიხეილ სააკაშვილი ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც მასთან შევა, აიღებენ ანალიზებს და ანალიზის პასუხში მიუთითებენ, სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სასიცოცხლო მაჩვენებელი ექიმებს დღემდე ეკავათ მედიკამენტოზური ჩარევით. ამის შემდეგ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ ამ ანალიზებისგან, ჩვენთვის უცნობია, თუმცა სააკაშვილი ისევ აგრძელებს შიმშილობას, არ აპირებს საკვების მიღებას და ელოდება ექიმებთან შეხვედრას“, — განაცხადა გიორგი გელხაურმა.

კიდევ ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ სააკაშვილის სისუსტე ძლიერდება და თუ სამოქალაქო კლინიკაში დროულად არ გადაიყვანენ, შესაძლოა, სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტოზური ჩარევითაც გართულდეს.

„მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დიდი ხნის წინ უნდა გადაეყვანათ. მან ძალიან დიდი წონა დაკარგა, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება უკვე მედიკამენტოზური ჩარევითაც გართულდება. შესაბამისად, ის საჭიროებს შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაყვანას“, — განაცხადა ბასილაიამ.

მიხეილ სააკაშვილი 34-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.

მხარდამჭერთა და პარტიის წევრთა ნაწილი სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს, რათა მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს. მათ შორის არის პარტიის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელიაც.

ნახეთ მეტი
Back to top button