მთავარიპოლიტიკა

განცხადებებში დერეფნების შესახებ სიტყვაც არ არის ნათქვამი: ფაშინიანმა მიიღო რფ ვიცე პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი, იუწყება პრემიერ-მინისტრის აპარატი.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა ოვერჩუკის ვიზიტს სომხეთში და აღნიშნა, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა დღევანდელი დღის წესრიგის განსახილველად.

„მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ვაფასებ სამმხრივი სამუშაო კომისიის მუშაობას, რომელსაც ხელმძღვანელობენ რუსეთის ფედერაციის, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერები. იმედი მაქვს, საბოლოოდ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა შემდეგი. სომხეთი ერთგულია 9 ნოემბრისა და 11 იანვრის განცხადებების, რომლებიც  ეხებიან  რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვას. მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის მიერ გაკეთებული განცხადებები დერეფნებზე უარყოფითად აისახება ჩვენი მუშაობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს სამმხრივ განცხადებებში არ არის ნახსენები დერეფნები.

ჩემი შთაბეჭდილება ისეთია, რომ აზერბაიჯანი ცდილობს კომისიას მოახვიოს თავისი წარმოდგენები, რაც, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ სომხეთი დაინტერესებულია რეგიონული სატრანსპორტო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გახსნითა და განბლოკვით. არაერთხელ განვაცხადე საჯაროდ, რომ მზად ვართ გადავიდეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომელთა არსი შემდეგი უნდა იყოს. სომხეთმა უნდა მიიღოს საგზაო-სარკინიგზო საკომუნიკაციო მარშრუტები აზერბაიჯანის გავლით, აზერბაიჯანმა უნდა მიიღოს სარკინიგზო-საავტომობილო გზები სომხეთის გავლით, მათ შორის აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გზაც.

ჩვენი დოკუმენტები საუბრობს ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განბლოკვაზე, როგორია ჩვენი პოზიცია, რას ვთავაზობთ ჩვენ?  „საბჭოთა პერიოდში არსებული სარკინიგზო კავშირები უნდა აღდგეს. ასევე უნდა აღდგეს გზები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა პერიოდში, მათ შორის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზებიც“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ალექსეი ოვერჩუკმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ვიცე-პრემიერების სამუშაო ჯგუფის საქმიანობის მაღალი შეფასებისთვის.

„ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ იმ მანდატით, რომელიც თქვენ მიანიჭეთ ჩვენი ქვეყნების ლიდერებს 2020 წლის 9-10 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებების ფარგლებში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყოველთვის კონტაქტში ვართ ჩვენს კოლეგებთან და ვიცე-პრემიერებთან. 8 შეხვედრა ჩავატარეთ, საიდანაც 4 სტაციონალური  რეჟიმში იყო, დანარჩენი ოთხი იყო ვიდეოშეხვედრა.

ამავდროულად, თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ ტელეფონით, განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რათა ვიპოვოთ უფრო ოპტიმალური, ყველა მხარისთვის უფრო მისაღები მარშრუტები. მოგეხსენებათ, რომ გზებზე გზის მშენებლობის ექსპერტებიც მუშაობდნენ. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება გზები სინამდვილეში.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით, 22 ოქტომბერს გამართული ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მე-8 სესიის შემდეგ, როგორც ჩანს, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივაღწევთ. ისინი, პირველ რიგში, ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გზების ავტონომია რჩება იმ ქვეყნების პასუხისმგებლობაზე, რომელ ქვეყანაშიც ისინი გადიან.

თქვენ აღნიშნეთ, რომ განცხადებებშიც წერია, რომ ყველანაირი კონტროლი განხორციელდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი კონტროლი უნდა განხორციელდეს თანაბარ პირობებში და ასევე განვიხილეთ, როგორ და სად უნდა დაიწყოს საავტომობილო ინფრასტრუქტურის განბლოკვა. „ჩვენ გვინდა დღეს თქვენთან ერთად ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ წავიდეთ  წინ“, – თქვა ალექსეი ოვერჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 11 იანვარს მოსკოვში გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა.

თითქმის 4 საათიანი მოლაპარაკების შედეგად მიღებულ იქნა სამმხრივი განცხადება, რომელიც ძირითადად ეხებოდა 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების მე-9 პუნქტის შესრულებას  რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის საკითხში.

ნახეთ მეტი
Back to top button