მთავარიპოლიტიკა

პარიზში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

10 ნოემბერს პარიზში სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ენდრიუ ჩაფერს (აშშ), იგორ ხოვას (რუსეთი) და ბრაის როკეფოს (საფრანგეთი).

საგარეო საქმეთა სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობეს, რომ მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს. არარატ მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ყოვლისმომცველი მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი გზით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მანდატით, მხარეებისთვის ცნობილი პრინციპებისა და ელემენტების საფუძველზე.

ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების რეგიონში ვიზიტის მნიშვნელობას  ადგილზე ვითარების გაცნობის კონტექსტში. შეხვედრის დროს მხარეებმა პრიორიტეტულად განიხილეს რეგიონში დეესკალაციისკენ მიმართული ღონისძიებები.  ამასთან დაკავშირებით, არარატ მირზოიანმა დაგმო თავდასხმები მთიან ყარაბაღში მშვიდობიან მოსახლეობაზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, გარდა ამისა  მიუღებლად მიიჩნია მუდმივი ანტისომხური რიტორიკა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა გადაუდებელ ჰუმანიტარულ საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. ამ კონტექსტში, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა სომეხი სამხედრო ტყვეების, მძევლების და სხვა დაკავებულების დაუყონებლივ, უპირობო დაბრუნების  აუცილებლობას, ასევე დაკარგულთა ბედის გარკვევას და სომხური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

იმავე დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით უმასპინძლა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა.

ხუთმხრივი შეხვედრის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა სომხური მხარის პოზიცია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის სრულად აღდგენის შესახებ.

არარატ მირზოიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე გამოთქმული პოზიცია, მათ შორის დეესკალაციის აუცილებლობის, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების, ასევე პროვოკაციების და ანტისომხური რიტორიკის დაუშვებლობის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button