12 ნოემბერს აქციები 2 მეტროსადგურთან გაიმართება
როგორც ქართული მედია წერს,
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 12 ნოემბერს აქციებს კვლავ თბილისში, ორ მეტროსადგურთან გამართავს. აღნიშნულის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, აქციები 14:00 საათზე 300 არაგველის მეტროსადგურთან და დიდუბის მეტროსადგურის ქვედა შესასვლელთან გაიმართება.
რამდენიმე დღეა, თბილისის სხვადასხვა წერტილში ენმ აქციებს ორგანიზებას უწევს. პროტესტმა ინტენსიური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
11 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილეები თავდაპირველად ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გადაინაცვლეს.
1 დღით ადრე აქციები 3 ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ გაიმართა. იმ დღეს პოლიციამ 46 ადამიანი დააკავა.
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ პოლიცია ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებს, ასევე, უზღუდავს ადვოკატებთან კომუნიკაციას.