პოლიტიკა

გაფართოებულმა კონსილიუმმა დადოს დასკვნა, შემდეგ კი კეთილი ვინებოთ და ეს დასკვნა აღვასრულოთ – გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმების გაფართოებული კონსილიუმი უნდა შეიკრიბოს, რომელშიც ამ დრომდე შექმნილი ორივე კონსილიუმის წარმომადგენლები იქნებიან.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მას შემდეგ, რაც გაფართოებული კონსილიუმი შესაბამის დასკვნას დადებს, “კეთილი უნდა ინებოს ყველამ” და ექიმების რეკომენდაციები აღასრულოს.

ამასთან, NCDC-ს ხელმძღვანელმა მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

“ეს პოლიტიკური პროტესტი, გადაიზარდა უკვე იმაში, რომ ის გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩვენთვის პაციენტი, იქნება ეს უმაღლესი თუ დაბალი თანამდებობის პირი, ყოველთვის პაციენტია. ექიმის მოვალეობაა, პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რაც მას სჭირდება.

მე როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა როგორც თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს უკვე მისი ჯანმრთელობის ცეცხლთან თამაშია. იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.

ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია. იქ არიან 5 გამორჩეული ექიმი თავის სპეციალობაში. თითოეულ მათგანს დიდ პატივს ვცემ. ეს კონსილიუმი და ასევე, ის ალტერნატიული კონსილიუმი, სადაც ჩემი ძალიან კარგი მეგობრები არიან, ძალიან მაღალი დონის ექიმებით არის დაკომპლექტებული.

ჩემი სურვილია და მოწოდებაა, რომ პირველი – მან შეწყვიტოს შიმშილობა. მეორე დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას. მათ თქვან, რა ტიპის მონიტორინგი სჭირდება ჯანდაცვითი დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება მას და რა ტიპის რეაბილიტაცია, სად უნდა ჩატარდეს ეს. გვერდზე გავწიოთ პოლიტიკური საკითხები და დავკონცენტრირდეთ ჯანდაცვის საკითხებზე. ამის გადაწყვეტა მივანდოთ პროფესიონალ ექიმებს. ამ შემთხვევაში, ორივე კონსილიუმი არის საკმაოდ ავტორიტეტული ადამიანებით, რომლებსაც შეუძლია დასკვნის დადება. კეთილი ვინებოთ და შემდეგ ეს დასკვნა აღვასრულოთ”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი მდგომარეობა მძიმეა. მიხეილ სააკაშვილთან უკვე 10 დღეზე მეტია არ უშვებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ექიმებს. გარდა ამისა, მისი მონახულების უფლებას არ აძლევენ ალტერნატიული კონსილიუმის წარმომადგენლებს.

ამასთან დაკავშირებით დღეს იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ახლა მესამე პრეზიდენტზე “კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ზრუნავს” და კონსილიუმის მონიტორინგის საჭიროება არ არის. ასეთივე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ნახეთ მეტი
Back to top button