პოლიტიკა

სახეზეა უფრო საშიში გართულების ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს – ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილზე

,,მთავარი არხი” წერს, რომ სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას კიდევ ერთხელ ითხოვს. ამ თემაზე სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს.

ომბუდსმენის ცნობით, სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო N18 დაწესებულებაში დამატებითი ვიზიტი განახორციელა.

“სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პროგნოზირებად ერთ-ერთ კლინიკურ დამძიმებას გუშინ უკვე ჰქონდა ადგილი. გართულებული მდგომარეობის ადგილზე გაცნობის შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა პოლიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალში.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა 17 ნოემბრის დასკვნით, პაციენტის მდგომარეობა შეაფასა როგორც კრიტიკული და მძიმე გართულებების პროგნოზი გააკეთა, რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შედეგად, მიხეილ სააკაშვილს განუვითარდა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება – ვერნიკეს ენცეფალოპატიით გამოწვეული გულყრა.

ამ პერიოდში თავის ტვინში მიმდინარე კეროვანი პროცესების სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა თავის მრტ/მრა კვლევა, მრ ვენოგრაფის ჩათვლით. რეკომენდებულია ასევე ეეგ კვლევა. ექსპერტთა სხვა დეტალური რეკომენდაციები უშუალოდ მიეწოდა დაწესებულების მთავარ ექიმს.

მდგომარეობის კრიტიკულობიდან და მოსალოდნელი გართულებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი და ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, რადგანაც სახეზეა უფრო საშიში გართულების – ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის ან კომის განვითარების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს”, – წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაშია. მან გლდანის ციხის საავადმყოფოში გუშინ, შიმშილობის 49-ე დღეს, გონება დაკარგა.

ცნობისთვის, გუშინ, 18 ნოემბერს, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს,  მიხეილ სააკაშვილი “მოწყვეტით დაეცა” და გონება დაკარგა. ბოლო ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. 

ექიმები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

ნახეთ მეტი
Back to top button