პოლიტიკა

თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, ზურაბიშვილი შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს – ადვოკატი

,,მთავარი არხი” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან რამდენიმე წუთში ადვოკატები შევლენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს მას შემდეგ შეხვდებიან, რაც კონსილიუმის ექიმები მასთან პროცედურებს დაასრულებენ.

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური შესაძლებლობა იქნება, მოითხოვენ, რომ მას 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენ ვეყრდნობით ბატონი ნიკა ყიფშიძის განცხადებებს, ასევე კონსილიუმის წევრების განცხადებებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. ამავდროულად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შესაძლებლობა მიეცეთ “ემპათას” წარმომადგენლებს, რომლებიც არიან მაღალკვალიფიციური დიდი რეპუტაციის მქონე სპეციალისტები

ყველა ინიციატივა ბუნებრივია განიხილება, ამ დროისთვის სამართლებრივი პროცედურა ამ ნაწილში ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია, თუმცა თუ იარსებებს სპეციალისტების შესაბამისი დასკვნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას სამართლებრივი თვალსაზრისითაც შესაბამის ფორმას მივცემთ და შესაბამის მოთხოვნებს წარმოვადგენთ. 

სააკაშვილის გათავისუფლების უმოკლესი სამართლებრივი გზა, ეს არის პრეზიდენტის მიერ შესაბამისი განკარგულების მიღება, რომელმაც ორგზის უკვე განაცხადა, რომ ამას არ გააკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს და იქნება ცალსახად ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. თუ ქართველი ხალხი შესაბამის პროტესტს დააფიქსირებს, სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, – თქვა ბექა ბასილაიამ. 

მისი თქმით, სხვა სამართლებრივ საკითხებზეც მუშაობენ, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკურ მითითებებზეა დამოკიდებული.

ნახეთ მეტი
Back to top button