საქართველოში აიკრძალება ტაქსებში და კერძო მანქანებში მოწევა. ჯარიმის ოდენობა მცირე არაა
საქართველოში ტაქსებსა და კერძო მანქანებში მოწევის აკრძალვას აპირებენ. ,,თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს პარლამენტის ბიუროს 29 ნოემბრის სხდომაზე განიხილება. გაზაფხულზე კი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა. ინფორმაციას ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ახალი კანონით, მოწევა აიკრძალება კერძო მანქანებსა და ტაქსებში, თუ მანქანაში არასრულწლოვნები იმყოფებიან. კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის (დაახლოებით 65 დოლარი) ჯარიმა. ამასთან, დაჯარიმდებიან როგორც მწეველი მძღოლები, ასევე მწეველი მგზავრები.
შეგახსენებთ, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო ინიციატივა საქართველოში 2017 წლიდან მიმოქცევაშია. უკვე სამ წელზე მეტია თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.