ანალიტიკამთავარი

„სომხეთი უნდა ჩაებას აბრეშუმის გზის მთავარ კარიბჭე ქვეყანას – საქართველოს“: ზურაბ მაღრაძე

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ტრენერი, ზურაბ მაღრაძე „ფეისბუქის“ თავის გვერდზე საინტერესო სტატუსს აქვეყნებს „აბრეშუმის გზა“-სთან და „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით. მოგვყავს მისი ჩანაწერის მთლიანი ტექსტი:

„წლის დასაწყისში ვთქვით, რომ არანაირი 3+3 ფორმატი არ და ვერ შედგებოდა. ისიც ვთქვით რომ დანარჩენი აუდიენცია თეთრი სახლიდან დაემატებოდა. შემოდგომაზე კი თბილისიდან გაკეთდა თეთრი სახლის შესაბამისი განცხადებაც. გაზაფხულზე ვთქვით, რომ არანაირი აფხაზეთი-სომხეთის რკინიგზა არ იარსებებს. მარტივი მიზეზის გამო – აფხაზეთის რკინიგზები წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის საკუთრებას და არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ საქმეს არ და ვერ ექნებოდა. ეგრეც დასრულდა კრემლის ჭორიკანა კაცების საქმე.

კრემლში დაანონსდა ოჩამჩირეს ღრმაწყლოვანი პორტი. მაგაზეც ითქვა, რომ ძვრაც არ უწერია ამ იდეას. ეგეც ანონსად დარჩა.

ერთი თვის წინ ვთქვით, რომ რამდენიც არ უნდა შეეცადონ ქვეყნები აბრეშუმის გზის დაგეგმვას და ორგანიზებას, მაგიდის ერთ თავში თუ ზის პეკინი, მაგიდის მეორე თავში უნდა იჯდეს თბილისი. რადგან აბრეშუმის გზა იწყება ჩინეთში ყვითელი ზღვის სანაპიროდან და მთავრდება საქართველოში შავი ზღვის სანაპიროსთან. თბილისის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გადაწყვეტს. ეგრეც აგიხდეთ ეს ყველაფერი. ყველა საქართველოზე ალაპარაკდა ეს დღეებია – ანკარაც, თეირანიც, ბაქოც, ერევანიც, პეკინიც, ვაშინგტონიც. მოსკოვმა 3+3 ფორმატის მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველოსთვის განკუთვნილ სკამს მაინც დავდგამთო, ეგებ შემოგვიერთდეს თბილისიო. სხვა არაფერი შეგვიძლიაო.

ერთი კვირის წინ ვთქვით, რომ სომხეთი უნდა ჩაებას აბრეშუმის გზის მთავარ კარიბჭე ქვეყანას – საქართველოს. სპარსული აბრეშუმის სომხეთიდან შავი ზღვის პორტებით ევროპისკენ საექსპორტოდ. ეგრე აგიხდეთ ამაშიც ყველაფერი. ირანი და საქართველო სპარსეთის ყურისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის შეთანხმების სისრულეში მოყვანის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.

უბრალოდ რამდენიმე ადამიანი კვალიფიციურ მსჯელობას და ანალიტიკას მივყვებით შეძლებისდაგვარად. ურთულესი საკითხებია ეს. ამ ხედვების და კონცეფციების დამუშავებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბს და მის დამფუძნებელს დათო გოჩავას. საყურადღებო სიგნალებს ქმნის სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი პაატა ცაგარეიშვილის მეთაურობით. საინტერესო თანხვედრებს გვაწვდის თეიმურაზ ზაქრაძე. ჩვენებურებიც ბევრ პრაქტიკულ მოსაზრებას გვაწვდიან ხოლმე. რონდელის ფონდის მკვლევარის ზურა ბატიაშვილის ნააზრევი, აბრეშუმის გზის იდეის სრულიად სხვა პრიზმაში განხილვის შესაძლებლობას იძლევა.

მაკროეკონომიკური ანალიზის მხრივ ჯგუფი “გახდი მესაკუთრეს” ეკონომისტი ოთარ ფანცულაიაც შემოდის მსჯელობაში. ქართველი სინოლოგები შაკო ჩიხლაძე და ოთარ ჭიღლაძე ჩინურ სტრატეგიებს გვაცნობენ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამ ხალხის მიმართ.

როგორც ჩანს მართებულია მიდგომები, რომელსაც ვქმნით. ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის გამოწვევების ერთიან სივრცეში წარმოსადგენად. რაც განახლებული მოდულების და სწორი პოზიციონირების საქმეში კარგი დამხმარეა. აუდიენციები გვქონდა უნივერსიტეტებთან და რამდენიმე ბიზნეს ასოციაციასთანაც.

მჯერა რომ დიდ აბრეშუმის გზაზე კაპიტალთა ამ გააფთრებულ ომში გამარჯვებული გამოვა საქართველო“,- წერს ბატონი ზურაბ მაღრაძე.

ნახეთ მეტი
Back to top button