საერთაშორისო

შოთა თუთბერიძე – სააკაშვილი ხვალინდელ პროცესზე გამოსაცხადებლად მზად არის, ის წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება მის მიმართ აბსურდულ ბრალდებას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილი მზად არის, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწროს. წერს ქართული მედია.

როგორც თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება მის მიმართ ბრალდებას.

„მესამე პრეზიდენტი დღეს თავს გრძნობს სუსტად. მისი ფერმენტები ღვიძლში არის მომატებული. იმედი გვაქვს, ექიმები დაარეგულირებენ ამ მონაცემებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მონაცემების პირობებშიც, ხვალ ის მზად არის პროცესზე გამოსაცხადებლად.

ის დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, მათ შორის კონსილიუმის წევრებს პროცესში ჩართულობისთვის და მადლიერია ამ ყველაფრით. პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია, რომ ეს ჯარისკაცები ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფებიდან, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ხელისბიჭების ხელმძღვანელობით აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებისთვის არიან გამოყენებული, როცა მათი რესურსის დახარჯვა შეიძლება სახელმწიფოსთვის უკეთეს ადგილზე და მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის. პრეზიდენტი მათ მიმართაც დიდ სიყვარულს, მადლიერებას გამოხატავს.

ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება აბსურდულ და პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ არის. ეს სიტყვა არის ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იქნება ბრალდების სკამზე. ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს, თუნდაც ასეთი იყოს მოსამართლე. დღეს პრეზიდენტთან შესახვედრად ნიდერლანდებიდან არის ჩამოსული მისი შვილი, ვინც ერთხელ უკვე იმყოფებოდა საქართველოში შეთანხმებულ პაემანზე, როდესაც მოტყუებით ალოდინეს და სააკაშვილი მოიპარეს ამ ციხიდან. მოვითხოვთ და ვთხოვთ პენიტენციურ სამსახურს, ხელისუფლებას, რომ მას არ შეექმნას ხელოვნური ბარიერი მამის მოსანახულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტს ექნება მკაცრი რეაგირება. ბუნებრივია, გამოხატავს საკუთარ პროტესტს სხვადასხვა ფორმით. პენიტენციურმა სამსახურმა დაამყარა ტრადიცია და იქცევიან როგორც უკანონო ფორმირება. არ იცი, როდის, რას გააკეთებენ. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ არ გადაიყვანონ, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა შესაძლოა, თქვას, რომ ცუდი ამინდია. პრეზიდენტს სურვილი აქვს, რომ დაესწროს ამ პროცესს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ნახეთ მეტი
Back to top button