პოლიტიკა

საქართველო-უკრაინა-მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ – კუბილიუსი

,,Netgazeti.ge” წერს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ერთი დღით ადრე ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის რეალური ნაბიჯების გადადგმის დროა და ეს სწორედ ხვალ, 15 დეკემბერს, დაგეგმილი სამიტიდან უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, ახლა ევროკავშირმა უნდა გასცეს კითხვას პასუხი, დაემორჩილება თუ არა კრემლის მუქარასა და შანტაჟს.

„პუტინი, რომელმაც 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ომი, ახლა მოითხოვს, რომ ამ ქვეყნებმა არ უნდა იზრუნონ უსაფრთხოებაზე და დასავლეთმა ისინი უნდა მიატოვოს. აქ არის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთან და არა ქართველებთან და უკრაინელებთან – მზად ვართ, დავემორჩილოთ კრემლის მუქარებს და შანტაჟს საქართველოს და უკრაინის მომავალთან დაკავშირებით? მზად ვართ, გადავდგათ ახალი დიდი ნაბიჯები პუტინის დაშოშმინების სტარტეგიაში? ჩვენ ვიცით, სად მიიყვანა ჰიტლერის დაშოშმინების სტრატეგიამ არა მხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო. ჰიტლერის დაშოშმინების კულმინაცია იყო, როდესაც ჰიტლერმა დაიწყო შანტაჟი ჩეხოსლოვაკიის მომავლით და დასავლეთი დანებდა“, – განაცხადა კუბილიუსმა.

კუბილიუსის თქმით, თუ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირისგან ვერ მიიღებენ შესაბამის პასუხს, მაშინ გამოვა, რომ ეს ქვეყნები პუტინის დაშოშმინების პოლიტიკას შეეწირნენ.

„ახლა პუტინი დასავლეთს აშანტაჟებს უკრაინის მომავლით – მზად ვართ, კიდევ ერთხელ დავნებდეთ? თუ არა, მაშინ ახლა ნამდვილად აღარ არის საკმარისი იმის თქმა, რომ ნატო და ევროკავშირი არ მოუსმენენ რუსეთის მოთხოვნებს. ახლა დროა, რეალური ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციისთვის და ეს ხვალ დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტიდან უნდა დავიწყოთ და წინ წავიწიოთ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის საკითხზე. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ცხადი გახდება, რომ ამ ქვეყნების მომავალი რეალურად მსხვერპლად შესწირეს პუტინის დაშოშმინებას.

2008 წელს პუტინის დასამშვიდებლად ნატო-მ მიიღო გადაწყეტილება, არ მიიწვიოს ალიანსში საქართველო და უკრაინა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პუტინმა, რომ მას შეუძლია, დაიწყოს ომები საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ახლა ვხედავთ, ამ დაშოშმინებას მხოლოდ ახალი მუქარები და შანტაჟი მოაქვს. ჩვენ თუ დავნებდებით, მაშინ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა რეალური აგრესიული ფაშიზმის ხელახლა შექმნაზე 21-ე საუკუნეში და ყველა იმ ტრაგედიაზე, რომელიც ევროპაში მომავალში დატრიალდება“, – განაცხადა კუბილიუსმა.

ნახეთ მეტი
Back to top button