საზოგადოება

ომიკრონი საქართველოშია | რა ვიცით ახალ შტამზე და როგორ დავიცვათ თავი მისგან

,,მთავარი არხი” წერს, რომ 18 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ომიკრონის ორი შემთხვევაა დადასტურებული. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ომიკრონით ინფიცირებული პირების 26 კონტაქტს აკვირდებიან.

რით განსხვავდება ომიკრონი კორონავირუსის სხვა ვარიანტებისგან?

მანამდე კი, 28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამების განახლებული სია გამოაქვეყნა. ხუთეულში მოხვდა ომიკრონიც. სხვა შტამებისგან განსხვავებით, ჯანმოს ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ომიკრონისთვის “შემაშფოთებელი” ეწოდებინა. ეს შტამი მსოფლიოში 2021 წლის ნოემბერში დაფიქსირდა, სხვა ვარიანტები კი 2020 წელს.

ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მას მრავალი მუტაცია და სხვა ვარიანტებთან შედარებით, ხელმეორედ დაინფიცირების მომატებული რისკი ახასიათებს.

ამირან გამყრელიძის თქმით, რა გავლენა ექნება ომიკრონის შტამს საქართველოში ეპიდვითარებაზე, ამის პროგნოზირება რთულია. ის ეპიდვითარების სწრაფ გაუარესებას ჯერჯერობით არ ელოდება, თუმცა ამბობს, რომ თუკი ომიკრონი თავისი დამახასიათებელი სისწრაფით გავრცელდა, ჯანდაცვის სექტორზე დიდი დატვირთვა იქნება. 

“აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40-წლამდე ასაკი და ასევე ბავშვებს, ახასიათებს ჯერჯერობით რაც არის გამოვლენილი შემთხვევები, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა…  ახალი შტამის ჩანაცვლებას ძველი, დელტა შტამისა ალბათ 2 თვე მაინც დასჭირდება, იმის გამო, რომ ომიკრონი ქვეყანაში დაფიქსირდა, სიტუაციის სწრაფ გაუარესებას ნამდვილად არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე”, – თქვა გამყრელიძემ.

რაც შეეხება სიმპტომებს, გამყრელიძისვე ინფორმაციით, ომიკრონით ინფიცირებულ 2-ვე პაციენტში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. მისივე თქმით, მათ კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: დაბალი ტემპერატურა, ცხვირის გაჭედილობა და სურდო ახასიათებთ: “დაახლოებით ის, რაც გრიპის და სურდოს დროს აქვთ ხოლმე”.

ასევე, ბრიტანული კვლევის თანახმად, ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ COVID 19-ის კლასიკურ სიმპტომებს, მათ შორის არის, ხველა, ტემპერატურა/მაღალი ტემპერატურა, ყნოსვის ან გემოს დაკარგვა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ომიკრონისგან?

ომირკონისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტური გზა კვლავ ვაქცინაციაა. რამდენიმე კვლევის თანახმად, სრულად ვაქცინაცია, ასევე დამატებით ბუსტერ დოზა, ომიკრონით ინფექციისგან ძლიერ დაცვას უზრუნველყოფს. ორი დოზით აცრა ადამიანს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან იცავს, თუმცა ომიკრონის შემთხვევაში, ბუსტერ დოზის გარეშე, ვაქცინის ორი დოზა, ნაკლებ დაცვას იძლევა.

ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე ისაუბრა ამირან გამყრელიძემაც, რომლის თქმითაც, ომიკრონთან დაკავშირებით “მთავარი აქტიური ბუსტერიზაციაა”.

ამბობს, რომ ცენტრი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართავს, რომ ორჯერ აცრილებისთვის 
ბუსტერი აუცილებელი გახდეს. ამასთან, გამყრელიძემ თქვა, რომ ფაიზერითა და ასტრაზენეკით აცრილებისთვის, შესაძლოა, ბუსტერის ინტერვალი კიდევ შემცირდეს:

“ჩინურ ვაქცინებზე შეუძლიათ, 3-დან გაიკეთონ ბუსტერი, ასტრაზენეკაზე და ფაიზერზე 5 თვის შემდეგ. დღეს გვქონდა მსჯელობა დაავადებათა კონტროლის ცენტრში, და ალბათ, დადგება საკითხი ფაიზერზე და ასტრაზენეკაზეც ბუსტერის პერიოდი ჩამოწიოს უფრო დაბლა, 5 თვიდან. ბუსტერიზაცია გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორი ახალი შტამის წინააღმდეგ”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.

NCDC-ის 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 2 384 360 აცრაა ჩატარებული:

  • სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 255 593 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 43.7%
  • სრულად ვაქცინირებულია 1 080 162 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 37.6%
  • ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 47 633 ადამიანს
  • 19 დეკემბერს აიცრა 2 792 ადამიანი
ნახეთ მეტი
Back to top button