პოლიტიკა

კუხო მხარს უჭერს სიტუაციის პოლიტიკური გზით მოგვარების მიზნით სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ზასი

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია საზღვარზე დემარკაციის დაწყების თაობაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის გადაწყვეტილებას არსებული ვითარების განმეორების თავიდან ასაცილებლად შესაძლო ნაბიჯად მიიჩნევს. ამის შესახებ კუხო-ს გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა „არმენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ სტრუქტურა მხარს უჭერს სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აზერბაიჯანთან სიტუაციის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოსაგვარებლად.

მისი თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არის მრავალფუნქციური სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების დაცვას კოლექტიურ საფუძველზე.

„ძალიან შეშფოთებული ვართ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული დაძაბული სიტუაციით, სადაც რეგულარული შეტაკებები და სროლებია, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან. ერთობლივი ღონისძიებების დროს, უპირველეს ყოვლისა, კუხო-ს კოლექტიური წვრთნების დროს, ჩვენ ვამუშავებთ პრაქტიკულ ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროში“, – განაცხადა სტანისლავ ზასმა.

მისი თქმით, სასაზღვრო დავები მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მიმდინარე წლის 26 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში მიღწეულ შეთანხმებებს – გადადგას ნაბიჯები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ორმხრივი კომისიის შექმნის, უსაფრთხოების დონის ამაღლების, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის და შემდეგ, დემარკაციის მიმართულებით, მხარეთა მოთხოვნით“.

აშკარაა, რომ სიტუაციის დეესკალაციის ღონისძიებები აუცილებელია  და უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, უფრო აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის შესაძლებლობები. „ასეთი მიდგომა შექმნის აუცილებელ წინაპირობებს ამ საკითხის გადასაჭრელად“, – განაცხადა სტანისლავ ზასმა.

მისი თქმით, აუცილებელია სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განბლოკვის შესახებ სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შეთანხმებები პრაქტიკულ დონეზე გადავიდეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიტუაციის დარეგულირებას და ამ რეგიონში სტაბილურობის დონის ამაღლებას.

ნახეთ მეტი
Back to top button